აშშ-ს პრეზიდენტი განიხილავს საკითხს, აშშ-ს სამხედრო ნაწილების ავღანეთიდან გამოყვანის შეჩერების შესახებ.
11 სექტემბერს ნიუ-იორკის ტერაქტიდან 20 წელი სრულდება. როგორც ჩანს, ოკეანისგაღმა ხელისუფლებაში ძალიან დიდი წინააღმდეგობაა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც, სხვათა შორის, ტრამპმა ივალდებულა და ახლა ბაიდენი აშშ-ს ღალატში დაადანაშაულა.
ფაქტია, რომ დღეს აშშ-ს მარცხი იმაზე უფრო კატასტროფული ჟღერადობისაა, ვიდრე – ვიეტნამიდან გამოსვლა ნახევარი საუკუნის წინ. დღეს ვაშინგტონი, ასე თუ ისე (ამორფული ევროპის ფონზე), პატარა სახელმწიფოების იმედად აღიქმება.
ბუნებრივია, ამ გამოსვლამ, შეიძლება, პატარა ქვეყნებში ანტიამერიკული განწყობილებების ზრდა გამოიწვიოს.
ეს მით უფრო საშიშია, როცა „თალიბურ“ ავღანეთში აშშ-ს ორი ძლიერი მეტოქე – ჩინეთი და რუსეთი – თავს თავისუფლად გრძნობს. რაც აჩენს ბუნებრივ ეჭვს იმის თაობაზე, რომ „თალიბები“ მოსკოვ-პეკინიდან იღებდნენ გარკვეულ მხარდაჭერას.
ამასთან, კრემლმა განაცხადა, რომ ლტოლვილ ავღანებს არ მიიღებს, რაც „თალიბთა“ ხელისუფლების ირიბ მხარდაჭერად შეიძლება განვიხილოთ.
ავღანეთის პოლიტიკურ სტაბილურობას, ისტორიულად, საფუძვლად ედო ტაჯიკთა და პაშტონთა ალიანსი. პაშტონ პირველ პირს, გვერდით მუდამ ტაჯიკი ედგა. ან პაშტონი პირველი პირი ტაჯიკი დედის შვილი იყო. მოკლედ, ამ ორი მონათესავე და, ლამის, ერთ ენაზე მოსაუბრე ხალხის მტკიცე ალიანსი სტაბილურ ავღანეთს განაპირობებდა.
თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ ერთმანეთი უყვართ. არა! პაშტონები ბედნიერები იქნებიან იმით, თუკი ავღანეთი მხოლოდ პაშტონებით იქნება დასახლებული. მაგრამ ისინი იძულებული იყვნენ გავლენა და ძალაუფლება ტაჯიკებთან, რომლებიც, ძირითადად, ქვეყნის ინტელექტუალურ ნაწილს შეადგენდნენ, გაენაწილებინათ.
ტაჯიკებთან დაპირისპირება „თალიბებს“ არ აწყობთ. ამიტომ მათთან მშვიდობა (თუნდაც, ყინულივით ცივი) უნდათ. ტაჯიკებთან დაპირისპირება ტაჯიკეთთან და ირანთან კონფლიქტს გამოიწვევს. ფაქტია, რომ „თალიბების“ გამარჯვება დროებითია. ის მალე დასრულდება. და დასრულდება ან მათი ხელისუფლებიდან გაძევებით, ან ავღანეთის დაშლით. ჯერ კიდევ ხელისუფლებაში თალიბების პირველი მოსვლის შემდგომ, 1996 წლიდან, ფაქტობრივად, დღეს ავღანეთი ერთიანი არაა. თუმცა, საერთაშორისო საზოგადოებას ასეთი ნაძალადევი ერთიანობა ურჩევნია, ვიდრე – ამ არცთუ პატარა სახელმწიფოს აფეთქება, რომლის „ნამსხვრევები“ ირგვლივ არაერთ სახელმწიფოს „დაჭრის“.
ერთი მაინც კარგია, ბაიდენი მიხვდა, რომ შეცდომას უშვებდა.



























