Kakha Kvashilava: მალე გამოიცემა ცნობილი ქართველი თურქოლოგის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, თურქოლოგიაში ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატისა და ასევე თურქოლოგიაში ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, ბატონ გიორგი ანთელავას ახალი მონოგრაფია „ათათურქი და თურქული სალიტერატურო ენის რეფორმა“.
ათათურქმა ძალიან დიდი და ისტორიულად უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა სპარსულ-არაბული მინარევებიდან თურქული ენის გაწმენდის დაწყების საქმეში. 90 წლის წინ დაიწყო ეს პროცესი 1932 წელს თურქული საენათმეცნიერო საზოგადოების დაარსებით. საზოგადოება უშუალოდ პრეზიდენტს დაექვემდებარა. სამუშაოები დღესაც გრძელდება.
დროა, ჩვენთანაც დაიწყოს ამგვარი სამუშაოები და სალიტერატურო/სახელმწიფო ქართული ენის პურიზაციას დავუდოთ სათავე.
ჩვენი ენა, ძალიან დიდი წილით (ლინგვისტ-ლექსიკოგრაფების მოსაზრებებით, 70-80%) შედგება უცხო (სპარსულ-არაბულ-სომხურ-თურქულ-ლათინურ-ფრანგულ-გერმანულ-ინგლისურ-რუსული) სიტყვებისაგან.
გვაქვს ძალიან ლამაზი დიალექტები და ენა-კავები (მეგრული, სვანური). დავიწყოთ ამ მასალიდან შესაბამისი სიტყვების ძიება და ისტორიული ქარტეხილების გამო მშობლიურად ქცეული ბარბარიზმების ჩანაცვლება.
ამით, დამერწმუნეთ, გაგებინების პრობლემა მოიხსნება ე.წ. „ქართველურ ენებს“ შორის. როდესაც „მაფშალია“ სპარსული „ბულბულის“ ნაცვლად გვექნება, ხომ არ მოგვჭრის შემდგომ ასეთი სიტყვები ყურს და ხომ არ თუ ვერ ვიტყვით, რომ სხვა ენაა? რა თქმა უნდა, არა!
ენის პალატა ამას, ალბათ, ვერ ერევა. ამიტომ, თურქეთის ანალოგიურად, დავაარსოთ ქართული საენათმეცნიერო საზოგადოება, რომელიც პრეზიდენტს ან პრემიერ-მინისტრს (უკვე ვერ ვერკვევი, რომელია უფრო მაღლა მდგომი) უშუალოდ დაექვემდებაროს.
P.S. ვიცი, რას ამბობდნენ დიდი ქართველი ენათმეცნიერები, მაგრამ ცოდნა წინ მიიწევს, მადლობა ღმერთს.



























