ქობულეთი Page
…………….ჩოლოქის ბრძოლა…………
ჩოლოქის ბრძოლა 1854 წლის 4 ივნისს, მდინარე ჩოლოქთან გაიმართა. პროფესორ იური სიხარულიძის მონაცემებით, ბრძოლის არეალი მოიცავდა ჩოლოქის მარცხენა მხარის სოფლებს: გაღმა ქაქუთი, სკური, ჩეხედანა, ჯიხანჯური, წყავროკა, მარჯვენა მხარის სოფლებს: გამოღმა ქაქუთი, ჭანიეთი, ვაშტიალი, ნარუჯა, ანასეული. მანვე პირველად ყურადღება მიაქცია ჭანიეთის ერთ-ერთი გორის სახელწოდებას ,,მუზარადი"”და ეს მხედრული საჭურველის აღმნიშვნელი ტერმინი ჩოლოქის ბრძოლის დროინდელად მიიჩნია.

შეტევაზე პირველი გადავიდა გურიის ქვეითი დრუჟინა და ხმალამოწვდილი ეკვეთა მტერს. მიუხედავად რიცხობრივი და სტრატეგიული უპირატესობისა, ოსმალებმა ვერ შეძლეს დრუჟინის შეტევის უკუგდება და იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ ბანაკში. დრუჟინამ სასწრაფოდ დაიკავა მტრის სანგრები. ბრძოლაში თანდათან ჩაებნენ ანდრონიკაშვილის სხვადასხვა ნაწილები. ქართულმა ცხენოსანმა დრუჟინამ კი მოხერხებულად შეუტია მტრის მარჯვენა ფლანგს და ოსმალთა განლაგების შუაგულში შეიჭრა. მას თან მიჰყვა იმერეთის ცხენოსანთა ასეული ქაიხოსრო მიქელაძის ხელმძღვანელობით, რომელიც გააფრთებული ეკვეთა მტერს, თავად მიქელაძე მძიმედ დაიჭრა. ახლობლები ამშვიდებდნენ, რომ ჭრილობა არ იყო საშიში.
ბრძოლაში თავი ისახელეს მალაქია გურიელმა, დიმიტრი ერისთავმა, გრიგოლ ბერიძემ და ბევრმა ქართველმა და რუსმა რიგთმა ჯარისკაცმა თუ სამხედრო მოსამსახურემ. მოწინააღმდეგემ დაკარგა 4000-მდე მებრძოლი, 15 ქვემეხი, 36 დროშა და 3 ბანაკი მთელი თავისი აღალით. ბრძოლის ველზე დარჩა მთავარი სარდლისადმი სულთნის ნაბოძები ხმალი და მუშირის ბანაკი, თვით სელიმ ფაშამ კი ქობულეთს შეაფარა თავი.<br>
ანდრონიკაშვილის დანაკარგი, დაჭრილთა და მოკლულთა სახით, 1500 კაცს აღწევდა, მსხვერპლის ერთი მესამედი ქართულ მილიციაზე მოდიოდა. ჩოლოქის ბრძოლაში მამაცობისა და გმირობისთვის ქართულ დრუჟინას მეფემ წმიდა გიორგის დროშა უბოძა.
ჩოლოქის ბრძოლის შემდეგ მიღწეული წარმატების მეფისადმი მოსახსენებლად, პეტერბურგს გაიგზავნა ნიგოითის გმირი, ნიკო ერისთავი. მას პოლკოვნიკობა უბოძეს, იმპერატორის ფლიგელ-ადიუტანტად დანიშნეს და წმიდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.<br>
8 ივლისს ჩოლოქის ბრძოლის მთელი ნადავლი თბილისში ჩაიტანეს და მეფისნაცვლის სასახლის ერთ დარბაზში გამოფინეს. ამ გამარჯვების გამო, თავადი ანდრონიკაშვილი დაჯილდოებული იქნა წმიდა ალექსანდრე ნეველის ორდენით (რომელიც დაარსებული იყო პეტრე I -ის მიერ და რუსთა არმიის მხედარმთავართა მცირე ნაწილს ჰქონდა მიღებული).
ჩოლოქთან დაღუპული ჯარისკაცები და თავადები დაკრძალეს შემოქმედში. მონასტრის გალავანში განისვენებენ რაზმის რიგითი მებრძოლები: ქართლელები, კახელები, თუშები, ფშავ-ხევსურები. შემოქმედის ზარზმის მონასტერში დაკრძალეს თავადები. ამჟამად შემორჩენილია თვადების დავით ვახვახიშვილისა და სიღნაღის ასეულის მეთაურის, ზაქარია ანდრონიკაშვილის საფლავები. 1873 წელს აღნიშნული საფლავები ნახა გურიაში მყოფმა დიმიტრი ბაქრაძემ.<br>
ჩოლოქთან გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა: მოიშალა სელიმ-ფაშას ბათუმის კორპუსი. თურქეთის კორპუსმა ნამდვილი კატასტროფა განიცადა, ნახეს აუნაზღაურებელი ზარალი. ჩოლოქის თავდაცვის ხაზი კვლავ აღდგენილი იქნა, წინანდებურად გამაგრებული იქნა ადგილობრივი მილიციის პოსტები, ჩოლოქთან გამარჯვებამ ჩაშალა თურქებისა და ევროპელი გენერლების გეგმა, რომელთაც სურდათ ახალციხისა და ახალქალაქის გზით სურამის უღელტეხილის გადავლით, სელიმ-ფაშასთან გაერთიანებულიყვნენ და რუსებისთვის ზურგში დაერტყათ. ჩოლოქის ამბებმა თავდაყირა დააყენა მათი გეგმები, მორალურად დაეცა ანატოლიის არმია, შეირყა თურქეთის პრესტიჟი.
30 წლის წინათ, ჩოლოქის ბრძოლის 130 წლისთავზე ოზურგეთის საზოგადოება, როგორც ამას იმდროინდელი პერიოდული პრესა იუწყებოდა, ითხოვდა, აღმართულიყო მემორიალური დაფა ლიხაურ-ჭანიეთის ტერიტორიაზე, მდინარე ჩოლოქის ნაპირზე, ქობულეთის რაიონის საზღვარზე. დღეს ეს საკითხი ისევ დგას.































