100 წელი საქართველოს ოკუპაციიდან-ბრძოლა გრძელდება
“თოვდა… და თბილისს ებურა თალხიდუმდა სიონი და დუმდა ხალხი.” კოლაუ ნადირაძე
1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება. ხუთკვირიანი ბრძოლისა და გმირული თავგანწირვის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა, ვერ შეძლეს დამოუკიდებლობის დაცვა. 25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ მთელი სამოცდაათი წელი გასტანა.
მიუხედავად იმისა,რომ საბრძოლო მოქმედებები საბჭოთა რუსეთსა და დამოუკიდებელ საქართველოს შორის ერთ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა.1921 წლის თებერვლის მოვლენები ბევრად მასშტაბური იყო.
საბჭოთა რუსეთი საქართველოში ოთხი მიმართულებიდან შეიჭრა. თავდასხმა განხორციელდა: ჩრდილო-დასავლეთიდან გაგრა-სოხუმის მიმართულებით, ჩრდილოეთიდან მამისონის უღელტეხილით, ვლადიკავკაზიდან დარიალის ხეობით, აღმოსავლეთიდან კახეთის მიმართულებით, სამხრეთ-დასავლეთიდან ბორჩალოს მიმართულებით.Xმოვლენები ქრონოლოგიურად ასე ვითარდებოდა:
1921 წლის 11 თებერვალს, მე-11 წითელი არმიის ნაწილები ბოლშევიკური აჯანყების მხარდასაჭერად საქართველოში შეიჭრნენ.
16 თებერვალს სოფელ შულავერში საქართველოს რევკომმა საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა და დახმარებისთვის საბჭოთა რუსეთს მიმართა. იმავე დღეს მდინარე ხრამთან წითელი არმია ქართულ ძალებს ზურგში მოექცა და მძიმე დარტყმა მიაყენა. ქართველებმა თბილისისკენ უწესრიგოდ დაიხიეს. ამავე დღეს მე-11 არმის ნაწილებმა საქართველოს საზღვარი ზაქათალის ოლქშიც გადალახეს.Xმე-11 არმიის სარდალმა ანატოლი გეკერმა მოსკოვისაგან ბრძანება მიიღო – თბილისი 19 თებერვლამდე აეღო. მისი დაჯგუფება 36 ათასამდე ქვეით მებრძოლს, 4 ათასამდე კავალერისტს, 200-მდე ქვემეხს, 7 ჯავშანმატარებელს, 50-მდე თვითმფრინავს, რამდენიმე ერთეულ ტანკს და ჯავშანმანქანებს ითვლიდა.

ნოე ჟორდანიას მთავრობამ თბილისის თავდაცვა გენერალ გიორგი კვინიტაძეს ჩააბარა. მის განკარგულებაში მცირე ძალები იყო – 10 ათასამდე ქვეითი, 400 ცხენოსანი, 46 ქვემეხი, 4 ჯავშანმატარებელი, რამდენიმე ერთეული ჯავშანმანქანა და თვითმფრინავი. გენერალმა ჯარები სამად დაჰყო: მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ორხევის მიმართულება სახალხო გვარდიას ეკავა გენერალ ჯიჯიხიას მეთაურობით. მარჯვენა სანაპიროზე, სოღანლუღის ფრონტზე, გენერალ მაზნიაშვილის სარდლობით ძირითადი ძალები განლაგდა, ტაბახმელა-კოჯრის მონაკვეთზე – სამხედრო სკოლის 160 იუნკერი და 300-მდე კადეტი გენერალ ანდრონიკაშვილის მეთაურობით.

18 თებერვლის საღამოს, მიღწეული წარმატებებით გათამამებულმა წითელმა არმიამ პირველი შეტევა თბილისზე სოღანლუღის მიმართულებით მიიტანა. ყველაზე მასშტაბური ბრძოლაც იქ გაიმართა. გენერალ მაზნიაშვილის სამხედრო ნაწილები მტერს მთელი ღამის განმავლობაში იგერიებდნენ, გამთენიისას კონტრშეტევა განახორციელეს და მტერი უკუაგდეს. გაქცეულ წითელარმიელებს ქართული არტილერია და ავიაცია ანადგურებდა. ქართველებმა ათასზე მეტი წითელარმიელი ტყვედ ჩაიგდეს.
19 თებერვალს მოწინააღმდეგემ მთელი ძალებით ტაბახმელას შეუტია, თუმცა, იუნკრებისა და კადეტების მედგარ წინააღმდეგობას წააწყდა. წითელმა არმიამ ქართულ პოზიციებს გვერდი აუარა და კოჯორი დაიკავა. ამ ამბავმა კვინიტაძე შეაშფოთა – კოჯრიდან თბილისის თავისუფლად დაბომბვა იყო შესაძლებელი. მან ბრძანება გასცა კოჯრის დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ. 20 თებერვალს დილით რამდენიმე ათეულმა იუნკერმა კოჯორს შეუტია და დამხმარე ძალის მოსვლამდე მნიშვნელოვანი სიმაღლე დაიკავა. ეს საბოლოოდ კოჯრის გათავისუფლებით დასრულდა. ამ ბრძოლაში იუნკერთა რაზმის ნახევარზე მეტი დაიღუპა. ქართველებმა წითელი არმიის 4 ქვემეხი და ასამდე ტყვე ჩაიგდეს ხელში და თბილისს საფრთხე ააცილეს.
21 თებერვალს რუსულმა ძალებმა დედაქალაქის ლილოდან შემოვლა სცადეს. სახალხო გვარდიის ნაწილებმა და კავალერიის ბრიგადამ მტერი უკუაგდო და 10 კილომეტრით წინ წაიწია.
24 თებერვალს გამთენიისას საბჭოთა რუსეთის ძალებმა, ხანგრძლივი საარტილერიო მომზადების შემდეგ ყველა მიმართულებით გადამწყვეტი მანევრები დაიწყეს. ბაქოდან ჩამოყვანილმა წითელ კურსანტთა ბრიგადამ კოჯორ-ტაბახმელაში გამაგრებულ 90 იუნკერს შეუტიეს, მთელი დღის განმავლობაში კურსანტები მტერს ხელჩართული ბრძოლებით იგერიებდნენ და უკან ნაბიჯითაც არ დაუხევიათ.

სოღანლუღის მიმართულებით რუსებმა საღამოსთვის შავნაბადის მთის დაკავება შეძლეს. ქართულმა ძალებმა ბრძოლაში უკანასკნელი რეზერვი ჩართეს და სიმაღლე დაიბრუნეს.Xფოილოს სარკინიგზო ხიდის აღდგენის შემდეგ რუსებს ბრძოლაში მძიმე ტექნიკის ჩართვის საშუალება მიეცათ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ქართულ პოზიციებს რუსებმა ჯავშანმატარებლების, ტანკებისა და ჯავშანმანქანების დახმარებით შეუტიეს, ქართულ პოზიციებს რუსული თვითმფრინავები ბომბავდნენ. ქართულ სახალხო გვარდიის ნაწილებს პოზიციების დათმობა მოუხდათ.
მძიმე მდგომარეობა შეიქმნა ლილოს მიმართულებითაც. წითელმა კავალერიამ ქართულ პოზიციებს გვერდი აუარა და დედაქალაქის ალყაში მოქცევას შეეცადა. მცირერიცხოვანი ქართული კავალერიის ძალებით მისი შეჩერების მცდელობა მარცხით დასრულდა. რუსები მამკოდასა და გლდანის გავლით ავჭალაში შევიდნენ. ერთი ჯავშანმატარებლისა და მოხალისეთა რაზმის ძალებით ქართველებმა რუსების ავჭალის სადგურიდან გაძევება შეძლეს. ამით ქალაქი სრულ ალყას დროებით გადარჩა.აშკარა უპირატესობის მიუხედავად, საქართველოს შეიარაღებული ძალები წარმატებით იგერიებდნენ თბილისზე მომდგარ მტერს.რაოდენობრივი უპირატესობით აღმატებულმა მტერმა თბილისის აღება მთელი ცხრა დღის განმავლობაში ვერ შეძლო.
24 თებერვალს, დედაქალაქის ალყაში მოქცევის საფრთხის გამო კვინიტაძემ საღამოს მთავრობას თბილისის დატოვების აუცილებლობის შესახებ მოახსენა. გენერალი მიიჩნევდა, რომ თბილისის დაცემით ომის ბედი არ წყდებოდა. მთავრობამ ქალაქი დატოვა.
25 თებერვალს თბილისში წითელი არმია შემოვიდა.შეიარაღებული წინააღმდეგობა თბილისის დაცემის შემდეგაც გაგრძელდა.
17 თებერვალს ქართული ჯარი ებრძოდა მე-9 არმიას, რომელიც აფხაზეთში შეიჭრა. 28 თებერვალს, ფრანგული ფლოტის დახმარებით, ქალაქი გაგრა დაიბრუნეს. თუმცა, მეორე დღესვე იძულებულები გახდნენ უკან დაეხიათ.
4 მარტს აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა.
4 მარტს სურამის უღელტეხილთან ქართულმა ძალებმა რუსების შეტევა მოიგერიეს. თუმცა, მტერი დასავლეთ საქართველოში მამისონის უღელტეხილის მხრიდანაც მოიწევდა და დროებითი მთავრობა იძულებული გახდა ქუთაისიც უბრძოლველად დაეტოვებინა.
10 მარტს წითელი არმია ქუთაისში შევიდა.
დროებითი მთავრობა იძულებული გახდა თურქეთის ულტიმატუმი შეესრულებინა და მისთვის ართვინისა და არდაღანის ოლქები გადაეცა. თურქულმა ჯარებმა, ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის დაცვის საბაბით, ბათუმიც დაიკავეს.
17 მარტს ბათუმის საბოლოოდ დაკარგვის საფრთხემ საქართველოს მთავრობა აიძულა, ბოლშევიკებთან ზავი დაედო. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას კაპიტულაცია არ გამოუცხადებია და არც უფლებამოსილებაზე უთქვამს უარი. რუსებთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, 18 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ, პოლიტიკური პარტიების მეთაურებმა და მაღალი ჩინის სამხედროების ნაწილმა ბათუმის ნავსადგურიდან ფრანგული და იტალიური გემებით – „კირალი“, „ვესტა“ და „მარია“საქართველო დატოვეს.გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით ქართულმა ძალებმა ბათუმის თურქებისგან გაწმენდა დაიწყეს.
19 მარტს გენერალმა მაზნიაშვილმა ბათუმი წითელ არმიას ჩააბარა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია ამით დასრულდა.დაიწყო საბჭოთა ეპოქა.25 თებერვალი გასაბჭოების დღედ გამოცხადდა. 70 წლის განმავლობაში,ქვეყნის ოკუპაციას,დედაქალაქის დაცემის დღეს, რეპრესიების და გადასახლების შიშით მთელი ქვეყანა ზარ-ზეიმით აღნიშნავდა.
საქართველოს ოკუპაციის დროინდელ მოვლენებზე კომენტარი ვთხოვეთ რონდელის ფონდის მკვლევარს ბატონ ზურაბ ბატიაშვილს:
“-1921 წლის 25 თებერვალს სისხლში ჩაახშვეს ახლადგამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს იყო საქართველოს საბოლოო დამონების მცდელობა, რასაც გაუგონარი რეპრესიები მოყვა: დახვრიტეს ან გადაასახლეს ათეულ ათასობით ადამიანი მხოლოდ იმიტომ რომ მათ სამშობლო უყვარდათ. 100 წლის წინანდელი ოკუპაცია დღესაც გრძელდება – რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი და ეს იმიტომ, რომ საქართველომ კვლავ თავისუფლად ცხოვრება მოისურვა. ეს ოკუპაციაც დასრულდება, საქართველოს თავისუფლებას წინ ვერავინ დაუდგება.”
ბრძოლა გრძელდება. ვერიკო ჭიჭიაშვილი ჩელიქი
( Veriko Chichiashvili Chelık )
***გენერალი გიორგი კვინიტაძე /


























