დაფნა მეფეთა
ნათია სიხარულიძე : 1921 წლის იანვარში „პოეტების მეფის“ ტიტულის მოსაპოვებლად კონკურსი გაიმართა. თითოეულ მონაწილეს სპეციალურად კონკურსისათვის დაწერილი ერთი ლექსი უნდა წარედგინა.
27 იანვარს გალაკტიონი „პოეტების მეფედ“ აირჩიეს, მეფის გვირგვინი მიანიჭეს – ლექსისთვის „პოეზია უპირველეს ყოვლისა“.
გამარჯვებამ მარტოობის განცდა უფრო მეტად გაუმძაფრა:
უპირველესი მომანიჭეს დაფნა მეფეთა,
იმ დღეს მოვიდა თეთრი თოვლი, და მარტოობა.
გავაღე კარი: თეთრი თოვლი შემომეფეთა,
მივხურე კარი: მარტოობამ დამისადგურა.
„პოეტების მეფედ“ არჩევის შემდეგ გალაკტიონის მოშურნეთა და მტერთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. პერიოდულ პრესაში არაერთი ირონიული შინაარსის მასალა დაიბეჭდა. ამ პუბლიკაციებს ეხმაურება გალაკტიონის სტრიქონები:
…და შურიანი პოეტების მარადი ყეფა,
დეე ისმოდეს: რისთვისაა პოეტი მეფე?
უფრო ხმამაღლა დაიძახონ… არ მეშინია!
…
წიგნიდან: გალაკტიონი. 200 ამბავი. „არტანუჯი“, 2019
ფოტო დ. შუღლიაშვილის კოლექციიდან: მარცხნიდან მეორე – გალაკტიონი. 1910-იანი წლები.

























