Kakha Kvashilava: 1956 წელს ხრუშჩოვს არ მოეწონა, რომ უნგრეთი სხვანაირად ფიქრობდა და ევროპის ერთ-ერთ უმშვენიერეს და მაღალკულტურულ დედაქალაქში – ბუდაპეშტში – ტანკები შეაგრუხუნა.
რაც რუსეთმა ტერიტორიული გაფართოება დაიწყო, მას მერე თავს სულ იმით იმართლებს, რომ მეზობელი ქვეყანა თუ ხალხი, კეთილმოსურნედ არ უყურებდა რუსს. და იპყრობდა ამ “არაკეთილმოსურნე” ქვეყანას თუ ხალხს.
ასეთია მისი ეროვნული ფსიქოლოგია: ირგვლივ ყველა მტერია და რუსეთია მხოლოდ “წმინდა”.
დღესაც, დააკვირდით, თუ სადმე ავტომატი დაიკაკანებს და სისხლი დაიღვრება, ყველგან რუსეთის ინტერესებია. მას არ შეუძლია, მეზობლის მშვიდი და დამოუკიდებელი ცხოვრება აიტანოს. ეს მას დისკომფორტს ჰგვრის.
აი, დღესაც ავტომატი მხოლოდ ჩრდილოეთ ნახევრსფეროში კაკანებს და ისიც რუსეთის პერიფერიებზე: ყოფილი საბჭოეთი, ახლო აღმოსავლეთი, ავღანეთი.
სხვაგან სიმშვიდეა. 21-ე საუკუნე სხვაგან მშვიდად და უომრად დაიწყო. ყველგან მიხვდნენ, რომ ეს პლანეტა ყველას გვეყოფა, ყველანი დავპურდებით, განვითარდებით, თუკი ერთმანეთს ხელს გავუწვდით და ასე, ხელი ხელჩაკიდებულნი დავძლევთ ყველა პრობლემას.
ყველა ქვეყანა ერთმანეთისთვის ღიაა. ეცნობიან ერთმანეთის კულტურას, ტრადიციას, კულინარიას და ასკვნიან, რომ ფილიპინებზე, მოზამბიკში, ფიჯიზე და სხვაგან ისეთივე ადამიანები ცხოვრობენ, ისევე უყვარდებათ, ისევე უხარიათ და ისევე ტკივათ, როგორც ფრანგებს, ინგლისელებს, ქართველებს და რუსებს.
“ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია”!
დიდება გმირებს, რომლებიც ბოროტებას ებრძვიან და ამ ბრძოლაში თავშეწირულნი ზეცად წმიდა გიორგის ლაშქარს უერთდებიან!




















