Kakha Kvashilava: ხომ გახსოვთ ნ. ბარათაშვილის „ბედი ქართლისას“ დასაწყისს კრწანისის ბრძოლის წინ პოეტი ერეკლე მეფის ლოცვით იწყებს:
„მწყემსო კეთილო, შენს წმიდას სამწყსოს
შემოვავედრებ ჩემსა სამეფოს!
გულთა-მხილავო, შენ უწყი, რაც დღეს
საქართველოსა ჭირნი მოადგეს!
მრავალ არიან, უფალო, მტერნი
და წარიტაცონ შენნი ცხოვარნი!
გვესწრაფე, ჩვენო ხელთ-აღმპყრობელო,
და აღადგინე დღეს საქართველო!” –
ასე ილოცდა მეფე ირაკლი
ბანაკსა თვისსა გულით მხურვალი“.
ფიქრობ, რომ პოეტმა ლიტერატურაში დამკვიდრებული ტრადიცია ვერ უგულებელყო და ლოცვის პასაჟიც ამიტომ ჩართო. მაგრამ დღეს სტეპან ბურნაშოვის მოგონება წავიკითხე მხცოვან „პატარა კახზე“:
„არა საშუალო გონების კაცია, იშვიათი მომთმენი, და უმაგალითოდ ღვთისმოსავი, თავისი 70-წლიანი მოხუცებულობის მიუხედავად, ყოველდღიურად და აუცილებლად სამჯერ აღასრულებს ღვთისმსახურებას და განსაკუთრებით თავის კაბინეტში ორსაათიანი ლოცვით, რომლისგანაც არანაირ შემთხვევას არ ძალუძს მისი მოწყვეტა. გასაოცრად მოღვაწეა, ფხიზლობს მთელი ღამე დილამდე, თავად უძღვება რა თავისი სახელმწიფოს საქმეებს. სძინავს ცოტა, დღისით იღებს ელჩებს, წარმოგზავნილთ სპარსელი მმართველი ხანებისგან და მთიელი ხალხებისგან. სამართალს განუჩენს თავის ქვეშევრდომებს, თვით ყველაზე უმცირეს დავებშიც კი. ჩახედულია აზიური პოლიტიკური წეს-ჩვეულებების გამოცდილებაში“…
თითქმის ანალოგიურ ცნობას გვაწვდიან ერეკლესთან სტუმრად ჩასული ჰერნჰუტოელი საძმოს წევრები: მიუხედავად ასაკისა, ის ბრძოლებს მაინც აგრძელებდა, მეფის მთავარი ამოცანა „ქვეყნის ცივილიზაციის გზაზე შეყენება და გაკულტუროსნება“ იყო. აღმოსავლეთის სხვა მმართველებისგან განსხვავებით მეფე ძალიან წესიერად ცხოვრობდა და იმდენს შრომობდა, რომ ეს მის ძალებს აღემატებოდა; მას ძალიან ცოტა ეძინა და ზოგადად ცოტას ისვენებდა (მათი ცნობით, მხოლოდ სამი საათი დღეში).
შემორჩენილია ერეკლე მეფის წერილი ვენეციის ხელისუფლებისადმი. „დიდად ვმორცხვობო“ – ასე წერს სულმნათი გვირგვინოსანი…
რა მწარე სიტყვებია მეფის პირიდან გამოსული.
ვენეციას უკვე დიდი არაფერი შეეძლო, საკუთარ პრობლემებს ძლივს ერეოდა, მაგრამ მანამდე ავსტრიის იმპერატორს მისწერა, თუმცა ჩვენმა ჩრდილოელმა „მოკეთეებმა“ ორივე ელჩობა გაანადგურეს. ვენაში მხოლოდ წერილი მიიღეს და ვერაფერი გაუგეს, ეს რა ენაზე სწერიაო…
გული მეწვის, ამ წერილის კითხვისას…
„მათ განათლებულთა დიდსა ვენეციის შეკრებულთა, თუმცა ამ მოხსენებისათვის დიდად ვმორცხვობთ და ვეკრძალვით, მაგრამ რომელიცა ჩვენის ქვეყნის მწუხარება და შეჭირვება სხვისა არზით მოგვიხსენებია, ის მაკადნიერებს. ჩვენის სათხოვრის აზრი ეს არის, რომ ერთის პოლკის ჯარის ჯამაგირი გვებოძოს, რომ კაცი ჩვენ ვიშოოთ და იმ ჯამაგირით ის ჯარი გავაწყოთ ევროპის რიგზე, რომ მტერი ამ ჯარის რიგს საბოლოოდ რომ სცნობს, ვერას დროს ჩვენს მტერობას ვეღარ გაბედავს. მეფე ქართლისა კახეთისა და სხვათა ოკდომბრის 18, წელი 1782, ერეკლე“.
კითხულობ და ფიქრობ, ფიქრობ და კითხულობ, რა მძიმე ჯვარს ეზიდებოდა, რა ტკივილებს იტანდა, რომ სამეფო სამშვიდობოს გაეყვანა. ალბათ, რამდენჯერ დაიღალა…
ალბათ რამდენჯერ ეტკინა…
ალბათ რამდენჯერ გაუცრუვდა იმედი…
მაგრამ ბოლომდე იბრძოლა…
მართლაც „მეფე ეული“ იყო, ნიკოლოზ ბარათაშვილს რომ დავესესხოთ.
რუსეთმა ჩაიგდო ხელში ერეკლე. მოვუსმინოთ მიხეილ რეხვიაშვილს, ღვაწლმოსილ ცნობილ ქართველ მეცნიერს:
„ჩვენმა წინაპრებმაც… რელიგიურ საბურველში გახვეულ ერთმორწმუნე რუსეთისაკენ გაიშვირეს ხელი და ხსნასაც, აყვავებასაც და თავისუფლებასაც მისგან მოელოდნენ. სამწუხაროდ, არც ერთ ქართველ მეფეს არ აღძვრია კითხვა, თუ რუსთ ხელმწიფე რას ჰფიქრობდა, საქართველო რატომ უნდა აეღორძინებინა, რა აინტერესებდა ამ ქვეყნისაგან. ნუთუ ისეთი წმინდანი და ქველმოქმედი იყო, რომ ესოდენ სიკეთეს უანგაროდ მოიმოქმედებდა?!
ერთადერთი მეფე, რომელმაც რუსეთის ზრახვები გამოიცნო, ერეკლე მეორე იყო და კიდეც გაწყვიტა ყოველგვარი კავშირი მასთან, მაგრამ რუსეთმა თავისი ნაწრთობი დიპლომატია აამოქმედა და ქართლ-კახეთის მეფე იძულებული გახდა 1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატზე მოეწერა ხელი…
…არსებობს ერთადერთი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც თვით სოლომონ მეფემ უთხრა უარი რუსებს ისეთი ხელშეკრულების დადებაზე, როგორიც ქართლ-კახეთის სამეფოს გაუფორმეს. სოლომონი ამბობს: ასეთ ხელშეკრულებაზე ხელს არ მოვაწერ. შთამომავლობას არ ვათქმევინებ, სოლომონ მეფემ იმერეთის სამეფოს დამოუკიდებლობა წაართვა და იგი რუსეთს ჩაუგდო ხელშიო.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობას, იგი შემდეგნაირად წარიმართა: საქართველოს შინაური და გარეშე მტრები ეკატერინე მეორეს უმტკიცებდნენ, სანამ ერეკლე მეფეს ჯარს არ გაუწყვეტ, მანამდე ვერ დაიმორჩილებო. აქედან გამომდინარე, რუსეთმა შემდეგ ხერხს მიმართა: მან სპარსეთის შაჰი აღა-მაჰმად-ხანი წააქეზა ერეკლეს წინააღმდეგ და ხელიც კი შეუწყო, რომ საქართველოს დასხმოდა თავს. მომდევნო წელსაც, როდესაც სპარსეთის შაჰი საქართველოს საზღვრებს მოადგა, ამჯერადაც რუსეთის არმია საქართველოს არ დაეხმარა და ღვთის ანაბარა დატოვა. უფრო მეტიც, ის ზარბაზნებიც კი, რომელიც ერეკლეს ფულით იყი ნაყიდი რუსეთში, საქართველოში არ გამოგზავნეს და საერთოდ არასოდეს აღარ მიუღია ისინი თავის პატრონს.
ყოველივე ეს ნათელს ჰფენდა რუსეთის ზრახვებს.
ცოტა მოგვიანებით, თბილისში შემოსულ რუსის ჯარი, მეფე გიორგი XII საბურთალოზე მიეგება, რუსის ჯარმა მეფის დანახვისთანავე ჯერ ბარაბანს დაჰკრა და მერე მუსიკა დაუკრა. გამხიარებულმა მეფემ ფრანგ პატრ ნიკოლას მიმართა: – პატრო, იმედია დღეის შემდეგ რუსის ჯარის დახმარებით ჩვენ მტრები ვეღარას გვიზამენ. პატრმა მწუხარებით მიუგო: – დიდო მეფეო, ბარაბანი დაჰკრეს, საქართველო იმარხება. ნუ იზამთ, თორემ მერე სანანელი გაგიხდებათ. რუსნი შემოვლენ მამაშვილურად და მერე გადაიქცევიან მამისნაცვლად. თქვენს ხალხს დაადებენ დიდ ხარჯს, ხალხი ამის გადახდას ვერ შესძლებს და მერე ამ გადასახადისათვის მათი მამულები გაისყიდება ბარაბანის დაკვრით. ქართველი ერის ცხოვრება ისე მოეწყობა, რომ მათ მკვდრებსაც მუსიკით დაუწყებენ დამარხვას.
რამდენიმე წლის შემდეგ, მართლაც, როდესაც თავადთა მამულები ვალებში იყიდებოდა, ორი ჯარისკაცი ქუჩაში ჩამოივლიდა ბარაბანის დაკვრით (რადგან ჯერ კიდევ გაზეთი არ იყო) და ხალხს ამცნობდა, რომ „ტორგი“ იყო და რომელიღაც მემამულის მიწა-წყალი იყიდებოდა ვალში“.
აი, ასე იყო!
ერეკლეს შვილიშვილიც – ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანიც, რომელიც უერეკლო საქართველოში კი არა, საერთოდ უსაქართველო ქვეყანაში დაიბადა, გვაფრთხილებს:
„თუ ვინმემ მოინდომოს ირაკლი მეორის ისტორიის დაწერა, ღვთის გულისთვის, ისე ადვილად ნუ შეუდგები იმის დაწერასა, მინამ კარგად არ გამოიკითხო, მინამ სრული ფაქტები ხელში არ ჩაიგდო, ნუ დასწერ… თორემ თუ არ თუალმიხედვით დაიწყე წერა, სხვების სასიამოვნოდ, აღარ ევარგები და შენს ისტორიას ქარი მიიტაცებს მტვერსავით“.
აი, მართლაც ასეა…
მიჩვეული ვართ, რომ ისტორიას მშრალად გადმოვცემთ ისტორიკოსები. არადა, მოქმედი პირების შინაგან სამყაროშიც უნდა ჩავიხედოთ, შევეცადოთ, შევიგრძნოთ ეპოქა მათი გადმოსახედიდან, მათი ცხოვრებით, მათი განცდებით. მხოლოდ ასე თუ მივუახლოვდებით იმ დროებს…
… ალექსანდრეც საინტერესო კაცი იყო. როგორც აკა მორჩილაძემ შენიშნა, ძველსა და ახალ საქართველოს შორის გაჩხერილი. ერთხელ თურმე ქურდები შეპარულან მის სახლში. როცა გაუცნობიერებიათ, სად იყვნენ, მალევე უკანვე გამოსულან, „ეგ აქეთ გვჩუქნის ფულს ყველასაო“…
P.S. ერეკლეს სასახლეში თელავში და გიკვირს, ნუთუ აქ ცხოვრობდა მეფე?! ყოველი ჭრილობისათვის მადლობას სწირავ დიდი მეფეს, რომელიც „მეფურად“ ვერ ცხოვრობდა…

























