100 წლის წინ, 1922 წლის 1 ნოემბერს, თურქეთის დიდმა ეროვნულმა მეჯლისმა (პარლამენტმა) გააუქმა სულთნის ხელისუფლება, რითაც, ფაქტობრივად, არსებობა შეწყვიტა 600-წლოვანმა ოსმალეთის იმპერიამ.
სულთან მეჰმედ VI ვაჰიდედინი (პირველი ფოტო ზემოთ), რომელიც ქვეყნისა და ერის მოღალატედ იქნა გამოცხადებული, ქვეყნიდან გააძევეს. ზედა მეორე ფოტოზე ჩანს, როგორ ტოვებს მეჰმედ VI დოლმაბაჰჩეს სასახლეს უკანა გასასვლელიდან.
ის, ოსმალეთის იმპერიის დეკადანსის პერიოდის ერთ-ერთი საინტერესო მონარქის – ადბ-ულ-მეჯიდ I-ს (პირველი ფოტო ქვედა რიგში) და გულუსტუ („ვარდთა მბრძანებელი) შარვაშიძის შვილი იყო (მეორე ფოტო ქვედა რიგში). დედოფალი აფხაზეთის ძლევამოსილი მთავრის ქელაიშ-აჰმედ-ბეგ შარვაშიძის შვილის – ტაჰირის ქალიშვილი იყო. დედით კი – აფიშე ლაკრბას ქალიშვილი. გულუსტუ მას ჰარემში მოხვედრის შემდეგ ეწოდა, დაბადებით კი ფატმა ერქვა.
სხვათა შორის მეჰმედ VI-ს პირველი (მთავარი) ცოლიც აფხაზეთიდან იყო – წებელდაში დაბადებული ემინე ნაზიკ ქადინ მარშანია.
მეჰმედს, სამწუხაროდ, მამამისის ენერგიულობიდან და შორსმჭვრეტელობიდან, არაფერი გამოჰყოლია. შეიძლება, ეპოქა იყო ისეთი – ის I მსოფლიო ომის მიწურულს გამეფდა, რომ დიდად ვერ შეცვლიდა არსებულ რეალობას. თუმცა, იმპერიის და დინასტიისთვის ტახტის შენარჩუნების იდეამ, ის აიძულა ანტანტის ქვეყნების კარნახს დაჰყოლოდა და, ფაქტობრივად, მათ მარიონეტად იქცა. მუსტაფა ქემალმა, როცა ანტანტის ქვეყნების წინააღმდეგ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა წამოიწყო, თავიდან არ გამოვიდა სულთნის წინააღმდეგ. ერთი მხრივ, ის შიშობდა, რომ მკვეთრი ანტიმონარქიული განცხადება მას მომხრეებს დაუკარგავდა, მაგრამ, მეორე მხრივ, სულთანს შანსი მისცა ისტორიის სწორ მხარეს დამდგარიყო. ჭკვიანი აბდ-ულ-მეჯიდის ძე ამას ვერ მიხვდა: მან, პირიქით, ამბოხებული გენერალი მოღალატედ გამოაცხადა და, რაზეც ანალოგიური პასუხი მუსტაფამაც არ დაუგვიანა გვირგვინოსანს.
ლოზანის კონფერენციის წინ, სადაც სტამბოლისა და ანკარის პოლიტიკური ძალები იყვნენ მიწვეული, ქემალმა ვაჰიდედინს ხელისუფლება ჩამოართვა, რადგან უპრინციპო სულთანი ხელს მოაწერდა ისეთ შეთანხმებებს, რომელიც თურქეთს საბოლოოდ წაშლიდა პოლიტიკური რუკიდან.
სამშობლოდან გაძევებულმა მეფედყოფილმა ევროპას მიაშურა, შემდეგ ჰაჯი აღასრულა და საბოლოოდ დამასკოში ჰპოვა საუკუნო განსასვენებელი.

























