დღეს ტამიშის გმირული ეპოპეის 30-ე წლისთავია.
მძიმე გამოდგა 1993 წლის ზაფხული. ძალიან ცხელი. ზღვისპირა ნესტიან აფხაზეთში ბოლო ორი წელი უჩვეულოდ ცხელი ზაფხული იდგა. ისეთი, ოფლი წურწურით რომ ჩამოგდის.
ბუნებაც გრძნობდა ცხელ სამხედრო-პოლიტიკურ 92-93 წლებს და თვითონაც დაუნდობლად „ნავთს“ ასხამდა ამ „ცეცხლში“.
ტამიშში გადმოსხმული დესანტი დიდი სისხლის ფასად მოიგერიეს „ღიმილის ბიჭებმა“.
10 საშინელი დღე.
10 გმირული თავგანწირვის დღე.
შუა საუკუნეებში ოდიშარ-აფხაზთა სათამაშო ადგილზე (ძველი სახელწოდება “სათამაშია” მომდინარეობს გააფსუებული ტოპონიმი “თამიში”) სიკვდილ-სიცოცხლის თამაში გაიმართა.
იმ დღეებში ქართულმა სიცოცხლემ იმარჯვა.
რამდენი ღიმილის ბიჭის სახეს შეაცივდა ღიმილი…
თუმცა, ზურგში მოპარულმა მტერმაც ვერ გაიხარა.
ჩაუფლავდათ გუმისთელ „სტრატეგოსებს“ გეგმა…
მაგრამ მომხდურმა მეორე ფრონტიდან შემოგვიტია და ძალიან მალე, 5 ივლისს, კამანიც დავკარგეთ. ის კამანი, სადაც აფხაზი იური ანუა ქართველთა და აფხაზთა ერთობლივ სალოცავს რომ აღადგენდა საკუთარი სახსრებით და სადაც ჩვენი დროის ახალმოწამე მამა ანდრია ყურაშვილი გაბრწყინდა უფლის წინაშე. მხეცური მოპყრობისა და სასწაულის ხილვის შემდეგ, ერთ აფხაზ ჯარისკაცს მოუნანებია და მოწამის საფლავს არ შორდებოდა თურმე. თანამებრძოლებს უფიქრიათ, ჭკუიდან შეიშალა ეს საცოდავიო. ძალიან მალე დაიღუპა. უთქვამს, ნათლობის სახელი ჩემი დიოდოტიაო.
მე არ მინახავს. მამა ანდრიას შესახებ წიგნში ამოვიკითხე და მიცვალებულთა მოსახსენებელში მამა ანდრია ყურაშვილსა და იური-გიორგი ანუასთან ერთად (ამათ რაში სჭირდება ჩემი მოხსენიება, უფალთან არიან და მე უფრო ველი მათგან შეწევნას) დღემდე ვიხსენიებ მონა ღვთისას დიოდოტს…
კამანის დაცემიდან ერთ კვირაში სოფელი შრომა მიიტაცა მტერმა და სოხუმის თავზე სიკვდილის ყულფიც დაეკიდა.
მტერმა იგრძნო, რომ პირისპირ ბრძოლებში ქართველ სამშობლოს მცველს ვერ ძლევდა. ამიტომ დიპლომატიურ მუხანათობას მიმართა: 27 ივლისს სოჭში „სამშვიდობო“ ხელშეკრულება გაფორმდა, რაც რეალურად სოხუმის სასიკვდილო განაჩენს რომ წარმოადგენდა.
ცხელი ზაფხული იდგა აფხაზეთში.
საარტილერიო ცეცხლითა და მზის ხვატით გათანგულ სოხუმელებს წვიმა ენატრებოდა.
საკურორტო ამინდი იყო საკურორტო ზონაში, მაგრამ ვის ეკურორტებოდა. არადა, 92-ში, მიუხედავად არახელსაყურელი პოლიტიკური ვითარებისა საქართველოში, აფხაზეთში მაინც მრავლად იყვნენ დამსვენებლები აწ უკვე ყოფილი „მოძმე“ რესპუბლიკებიდან.
ახლა მზე არ გვინდოდა.
ელიავ, დააწვიმე აფხაზეთს! ელიავ, ცეცხლი ჩააქრე!
ელიავ…
ალბათ, ჭურვების გრუხუნის ხმაურში არ ესმოდა ზღვისპირელთა ვედრება ელიას…
იწვოდა აფხაზეთი…
იწვოდა სოხუმი…
დიდება გმირულად დაცემულ ღიმილის ბიჭებს! გმადლობთ თქვენ, ღიმილის ბიჭებო, ჩვენი გადარჩენილი სიცოცხლისათვის.





























