ლიბიელი პატარა ტურისტი მშობლებს უვნებლად ჩავაბარეთ !
გიფიქრიათ ალბათ ჯერ საკუთარ და მერე სხვის ყოველდღიურობაზე, თუ როგორ ცხოვრობს ესა თუ ის ადამიანი, მე ფიქრები მაფორიაქებენ ხოლმე, როცა ჩავუღრმავდები თუ რა არის ჩვენი ყოფის გამართლება, დღეს თითქოს ძალიან მარტივად და ხალისიანად დავიწყე დღე, რაღაც შინაგანი ხმა, ინტუიციას რომ ვეძახით მოსვენებას არ მაძლევდა, რამდენჯერმე დავურეკე ჩემს ოჯახის წევრებს, მოვიკითხე ხომ კარგად არიან და ხომ არაფერი უჭირთ, როცა დავრწმუნდი რომ ყველაფერი რიგზეა, გულისხმიერად შევუდექი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას.

მოვიარე იუსტიციის სამინისტრო, სადაც ვმუშაობ, ხანმოკლე არდადეგებიდან დაბრუნებულს განსაკუთრებით მესიამოვნა ნაცნობი სახეების ნახვა ხელახლა… ყველა ისეთი სიხარულით და მონატრებით მხვდებოდა მივხვდი რომ რაღაც მისტიური დღე მაქვს და კიდევ უფრო გამიძლიერდა უცნაური მოლოდინი, მკვეთრი და ანტენას მაგვარი, მაგიური ინტუიცია… ჩაირთო წამზომი, შევხვდი რამდენიმე თანამშრომელს, ადამიანებს რომლებთან ერთადაც თითქმის ყოველდღიურად ვმუშაობ, რამდენიმე სატელეფონო საუბარი, საქმიანი შეხვედრები, მქონდა შეგრძნება რომ ყველა მათგანი იყო წარმატებული… მაგრამ მთავარი გამოწვევა თურმე წინ მელოდებოდა, აზიის მხრიდან, უზკუდარიდან გამომიძახეს, სასწრაფოდ გვესაჭიროება ინგლისურის თარჯიმანი და ძალიან გთხოვთ გაგვიწიოთ დახმარებაო, უკვე სახლში გამგზავრებას ვაპირებდი, ვიფიქრე ჩემს კომპის ჩავუჯდები… არ დამცალდა წყნარად ჩემთვის გეგმების დაწყობა, გამოძახებისას უარის თქმა არ მჩვევია, მით უმეტეს რომ უცხოელი ბავშვის ჩვენება უნდა აეღოთ, აბა როგორ შეიძლებოდა ამაზე უარი მეთქვა? დავთანხმდი და განვაგრძე გზა… თუმცა მთავარი გამოწვევა ეს ბავშვი კი არა, უფრო პატარა, კიდევ უფრო უსუსური 3 წლის უსაყვარლესი გოგონა, ლილი, (ასე ერქვა მემგონი) ქუჩაში გზააბნეული, მამას უხმობდა … მაშინვე მივხვდი რომ ბავშვი დაიკარგა, ჩემს წინ მიმავალ მოქალაქეს მივაძახე , ბატონო ეს პატარა გოგონა თქვენ ხომ არ გეძებთ მეთქი, მოქალაქე გაჩერდა ყურადღება მოგვაქცია…

არაჩვეულებრივად კარგი ადამიანი იყო, ისიც ჩემთან ერთად მთელი 45 წუთის განმავლობაში ურეკავდა რამდენიმე პოლიციას, აწვდიდა ინფორმაციას და ბავშვის აღწერილობას, ასევე ტელეფონით შევიტყვეთ რომ დედ-მამა ბავშვს ეძებდა და უკვე მიმართეს უბნის პოლიციასაც და ტურისტულ პოლიციასაც…ამასობაში მე, ეს კარგი მოქალაქე, სახელი არ ვიცი და კიდევ წყლის გამყიდველი მამაკაცი გავერთიანდით, რამდენიმე გულისხმიერი ადამიანი მალევე შემოგვიერთდა, მე ბავშვს მოვკიდე ხელი და ცოცხალი თავით არ დავტოვე, ვეცადე დამედგინა რა ენაზე მეტყველებდა ბავშვი, რომ მივხვდი რომ ჩემს ენებზე არ რეაგირებს, გზად შევაჩერე არაბი მოქალაქეები, ვთხოვდი დალაპარაკებოდნენ პატარას, ბოლოს მივხვდით რომ ბავშვი არაბული ქვეყნებიდანაა, რამდენიმე არაბი ქალბატონი ჩემთან ერთად ცდილობდა მის დაწყნარებას, მართალია ჩვენი ლაპარაკი არ ესმოდა, პატარა გოგონამ იგრძნო საფრთხე და განწირულ ხმაზე ითხოვდა მოგვეყვანა მამამისი, მე მას დავპირდი რომ აუცილებლად ვიპოვიდი მის მშობლებს და ჩავაბარებდი მის თავს, 43 წუთი დაჭირდა რომ პოლიციის მანქანა და შიშლის პოლიცია ადგილზე გამოცხადებულიყო, ვერც გავამტყუნებ, ეს ის დროა, როცა შიშლი/მეჯიდიიექოი საშინელ საცობებშია ჩაფლული, ვიდექი, მთელი სხეული მიკანკალებდა ისე განვიცდიდი პატარა გოგოს მდგომარეობას, ხან გულზე მეკროდა, ხანაც ხელით მიცილებდა და მამა მამა , დედა დედა , განწირული კიოდა… ამასობაში არ უნდა დაგვავიწყდეს რომ აზიის მხარეს ბავშვთა განსაკუთრებული შემთხვევების ბიუროს პოლიცია და ფსიქოლოგი , ადვოკატები და მთელი პერსონალი მელოდებოდა, რათა ჩვენება აგვეღო. გადავიღე და ფირზე აღვბეჭდე ყველა კადრი, რაც პატარა ლილის დაკარგვას და მისი მშობლებისთვის ჩაბარების პროცესს შეეხებოდა, ეს კადრები გავუგზავნე პოლიციის წარმომადგენელს, დამაგვიანდა მთელი ერთი საათით და ალბათ საათნახევრით, ამ ყველაფერს ენა ადვილად გადმოსცემსო როგორც იტყვიან, მე კი ჩემი გადამწყდა, ბოლოს პოლიციამ მოიყვანა პატარა გოგონას დედ-მამა, უნდა გენახათ ბავშვი როგორ ჩაეხუტა მამას , ჩვენთვის აღარავის ეცალა , რისი კითხვაც მოვასწარი დედას ვკითხე ცხოვრობდნენ თუ არა თურქეთში, საკმაოდ გამართული ინგლისურით მიპასუხა რომ ისინი მხოლოდ რამდენიმე დღით ტურისტულად ჩამოვიდნენ სტამბოლში და რომ ლიბიელები არიან, ღმერთო, რომ გავაცნობიერე რა შეიძლება მომხდარიყო, დაახლოებით 40 წლის წინათ მეც დავეკარგე ჩემს მშობლებს, რამდენიმე საათი მეძებდნენ… ბოლოს ვიღაც სომეხმა ქალმა, იმ გასახარებელმა მიპოვა და მიმიყვანა ჩემს მშობლებთან, მაშინ ოჯახით ვიყავით ურეკში დასასვენებლად, და მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ სამი წლის ვიყავი ყველაფერი მახსოვს, აბსოლუტურად ყველაფერი , ის საყვარელი დეიდაც კი მახსოვს , რომელიც რუსულად მეკითხებოდა რაღაცეებს და რახან მე ქართულად ვპასუხობდი მან გადაწყვიტა ქართულად მოლაპარაკე ადამიანებთან წავეყვანე, რათა კომუნიკაცია შემძლებოდა… ღმერთო, ზუსტად სამი ან ოთხიოდე წლის თუ იქნება ეს გოგონა, მე ბედნიერი ვარ რომ შევასრულე ჩემი სიტყვა და ის მშობლებს ჩავაბარე, მგონი გულის ამაჩუყებელი ისტორია მოგიყევით აქვეა ფოტო და ვიდეო მასალა , მადლობა ჩვენს პოლიციელებს , რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ ჩვენთან ერთად ! ამის მერე გზა გავაგრძელე მეორე უცხოელ გოგონას თარჯიმნობა გავუწიეთ, ისიც ჩავაბარეთ საკუთარ ოჯახს… ხშირად მითქვამს დაუფასებელია ჩვენი შრომა მეთქი, მაგრამ უფალი ყველაფერს იმახსოვრებს მე ამის მჯერა , პოზიტიური ენერგია გზად და ხიდად წინ დაგვხვდება და სწორედ ამაშია გამართლება !































