დიდიხნის მერე…
მუსიკა უკრავს,მე ფეხზე ვდგები,
დარბაზი დღესაც სავსეა ხალხით…
თქვენ,ქალბატონო,ნუ მეტყვით უარს,
გთხოვთ,ჩემთან ერთად იცეკვოთ ვალსი!
თქვენ გაოცებულ მზერას ვერ მალავთ,
მე კი სურვილის ცეცხლით ვიწვები,
მუსიკა უკრავს თავდავიწყებით,
მე ხელგაწვდილი თქვენსკენ ვიხრები…
მახსოვს, ჩვენ ერთად ვიცეკვეთ ერთხელ,
ეს იყო წინათ,დიდიხნის წინათ,
მაშინ სხვა სხივი გენთოთ თვალებში,
გქონდათ ღიმილი საოცრად წმინდა…
თქვენ ამ საღამოს ახლაც უხდებით,
შემორჩენილი ძველი სინაზით,
და მახსენდება ის ერთი ვალსი,
სულს შერჩენილი,როგორც სიზმარი…
მე თქვენ საერთოდ აღარც მახსოვდით,
არანაირი გრძნობის მაგვარი…
უბრალოდ,ერთი კითხვა მიჩნდება:
რატომ ბერდება ლამაზი ქალი?…
მუსიკა უკრავს,მე ფეხზე ვდგები,
დარბაზი დღესაც სავსეა ხალხით,
თქვენ,ქალბატონო,ნუ მეტყვით უარს,
გთხოვთ,ჩემთან ერთად იცეკვოთ ვალსი!…
































