ილორის წმ. გიორგის ეკლესიის მონეტებზე ასახვის ისტორიიდან
დღეს შესრულდა 31 წელი მას შემდეგ, რაც აფხაზეთში გაჩაღდა სისხლისმღვრელი ომი, რომელიც მომდევნო წლის შემოდგომაზე დასრულდა საქართველოს ამ ძირძველი კუთხის დედასამშობლოდან მოწყვეტით, იქ მცხოვრებ ქართველთა ხოცვა-ჟლეტვით და გამოდევნით. სამწუხაროდ, უკვე სამი ათეული წელია, რაც აფხაზეთი – საქართველოს მოუშუშებელი ჭრილობაა… ამ თემაზე უამრავის თქმა შეიძლება, თუმცა ფაქტი ერთია: ამ ტრაგედიის შედეგად დაზარალებულია როგორც საქართველო, რომლის ტერიტორიული მთლიანობაც დარღვეულია და აფხაზეთიდან გამოდევნილი ქართველობა, რომელიც საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდება, ასევე, ამ რეგიონში დარჩენილი აფხაზი ხალხიც, რომელიც დამოუკიდებლობის ილუზიაში მყოფი, სამწუხაროდ, გადაშენების პირასაა… ბუნებრივად ისმის კითხვა: ყოველივე ამის შედეგად ვინ არის მოგებული? პასუხი ერთადერთია: მოგებულია მხოლოდ ის ძალა, რომელმაც მოახერხა ქართველთა და აფხაზთა თანდათანობითი გაუცხოება და სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდება… მე დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დრო, როდესაც ქართველები და აფხაზები კვლავ მოახერხებენ თანაცხოვრებას ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში, როგორც ეს საუკუნეთა განმავლობაში, სრულიად ბუნებრივად გრძელდებოდა…
აქვე მინდა გავიხსენო ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლის – აფხაზეთში, კერძოდ, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე XI საუკუნეში აგებული ილორის წმ. გიორგის ეკლესიის მონეტაზე ასახვის ისტორია, რომლის უშუალო მონაწილეც თავად გახლავართ.
2009 წლის 9 თებერვალს, საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიმართა სხდომა იმავე ბანკთან არსებული „ფულის ნიშნებისა და სამახსოვრო მონეტების თემატიკის განსაზღვრისა და დიზაინის ესკიზის შემრჩევი კომისიისა“, რომლის ერთ-ერთი წევრი მეც გახლდით. იმხანად კომისიას თავმჯდომარეობდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დავით ამაღლობელი, მდივანი გახლდათ ვ. ქუთათელაძე, ხოლო წევრები, გარდა ამ სტრიქონების ავტორისა, იყვნენ (ჩამოვთვლი ანბანურად): დ. გოგეშვილი, გ. გორდეზიანი, ნ. ვაჩეიშვილი და მ. კიკნაძე. სხდომაზე განვიხილეთ ესკიზები მონეტისა, რომელიც ეძღვნებოდა ილორის ტაძარს, რომელსაც მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი. აქვე დავამატებ, რომ კონკურსი ამ მონეტის გარეგნული სახის დასადგენად ეროვნულმა ბანკმა წინა წლის 24 დეკემბერს გამოაცხადა.
საკონკურსოდ წარმოდგენილი დალუქული კონვერტების გახსნის შემდეგ, ჩვენმა კომისიამ დაადგინა, თუ რომელი ესკიზები უნდა გამოესახათ სამახსოვრო მონეტის ორივე მხარეზე. როგორც გამოირკვა, მონეტის ავერსზე (ანუ შუბლზე) გამოსასახავად გაიმარჯვა ესკიზმა, რომლის ავტორიც გახლდათ თემურ აფხაძე, ხოლო რევერსზე (ანუ ზურგზე) – მამუკა გონგაძე. კომისიამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამარჯვებული ესკიზების ავტორებთან თანამშრომლობა გაგრძელებულიყო ამ მონეტის დიზაინის სრულყოფამდე. საბოლოოდ, ჩვენი კომისიის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ მონეტას მიეცა შემდეგი გარეგნული სახე: 1) ავერსი – 1627-1654 წლებში საქართველოში მოღვაწე იტალიელი მისიონერის, პატრის, თეატინელთა ორდენის წევრის – დონ კრისტოფორო დე კასტელის (1597-1659) ჩანახატები – ილორის წმ. გიორგის ეკლესია, სოფელი ილორი და მხედრები. კომპოზიციას ფონად კავკასიონის ქედი გასდევს. მონეტის ქვედა მარჯვენა ნაწილში წარწერილია: „საქართველო“ და გამოშვების წელი „2009“; 2) რევერსი – მონეტის ცენტრში გამოსახულია წმ. გიორგის სახელობის ეკლესია იმდროინდელი სახით, ხოლო მის ქვედა ნაწილში კი ეკლესიის აგების თარიღი – „XI ს“. მარცხენა ნაწილში მოთავსებულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი – „10“ და ფულის ერთულის დასახელება – „ლარი“, ხოლო ზედა ნაწილში აღბეჭდილია საქართველოს სახელმწიფო გერბი და წარწერა „ილორი“. მონეტის წიბოზე გლუვად წარწერილია: საქართველოს ეროვნული ბანკი და National Bank of Georgia.


2009 წლის 23 ნოემბერს, „გიორგობის“ აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოუშვა ილორის წმ. გიორგის ეკლესიისადმი მიძღვნილი 10 ლარის ნომინალის საკოლექციო მონეტა (წონა – 28,28 გრამი, დიამეტრი – 38,61 მმ; შემადგენლობა – 925 სინჯის ვერცხლი; რაოდენობა – ათასხუთასი ცალი; გამოშვების ლიმიტი – სამი ათასი ცალი). მონეტები დაამზადა ფინეთის ზარაფხანამ.
აი, ასეთი გახლავთ ისტორია ილორის დიდებული ტაძრის საქართველოს ეროვნული ბანკის სამახსოვრო მონეტაზე გამოსახვისა, რომელიც ვფიქრობ, უნდა იცოდეს როგორც ქართულმა, ასევე აფხაზურმა საზოგადოებამ.
გულწრფელად მეამაყება, რომ უფალმა წილად მარგუნა პატივი – უშუალო მონაწილეობა მიმეღო აღნიშნული სამახსოვრო მონეტის გარეგნული სახის დადგენაში.
აქვე დავამატებ, რომ საქართველოს ხსენებული მონეტის გამოშვების მომდევნო წელს, „აფხაზეთის ბანკის“ («Аҧсны Абанк») სახელით, გამოვიდა ვერცხლის სამახსოვრო მონეტა წარწერით: „ილორის წმ. გიორგის ტაძარი“ – 10 აფსარის ნომინალით. მონეტის ესკიზის ავტორია აფხაზი მხატვარი ბ. ჯაპუა. საგულისხმოა, რომ ამ მონეტის რევერსს ამშვენებს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ძველი წელთღაღრიცხვის V-III საუკუნეებში გამომავალი „კოლხური თეთრის“ რევერსზე გამოსახული ხარის თავი. ამით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ თანამედროვე აფხაზეთი არის ნაწილი ძველი კოლხეთისა…
ყოველივე ზემოთქმულიდან მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: ილორის წმ. გიორგის ეკლესია თანაბრად ძვირფასი და სათაყვანებელია როგორც ქართველთათვის, ასევე აფხაზთათვის, რაც ჩვენი ხალხების წინაპართა დიდ სულიერ ერთობაზე მიგვანიშნებს. და ამ ფონზე, რაოდენ სამწუხაროა, რომ ამ დიდებულ ტაძარში შემონახული ქართული კვალი, კერძოდ, ჩვენი დამწერლობის განვითარების სამივე საფეხური – ასომთავრული, ნუსხური და მხედრული წარწერები – უკანასკნელ პერიოდში ბარბაროსულად გაანადგურეს ქართველთა და აფხაზთა საერთო მტრებმა…
ილორის წმ. გიორგის ეკლესიის მადლი ჰფარავდეს სრულიად საქართველოს, ქართველ და აფხაზ ერებს!
ფოტოებზე: ილორის წმ. გიორგის ეკლესიისადმი მიძღვნილი სამახსოვრო ვერცხლის მონეტები; ზემოთ – გამოშვებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2009 წელს; ქვემოთ – გამოშვებული აფხაზეთის ბანკის მიერ 2010 წელს.































