ერთხელ გალაკტიონი ქუჩაში ასეთ სურათს გადააწყდა:
მილიციელებს დაკავებული მეზღვაური განყოფილებაში მიჰყავთ.
უცებ საიდანღაც მოვარდა მეორე მეზღვაური, ჩემს ძმას არ გაგატანთო, – იყვირა და მეგობარი გამოსტაცათ.
– გესმით, რა თქვა?! ხედავთ, რა გააკეთა?! – მიუბრუნდა აღელვებული გალაკტიონი თანამგზავრს, – ეს მხოლოდ მეზღვაურს შეუძლია! დარწმუნებული ვარ, მხოლოდ გუშინ ჰყავდა გაცნობილი!
პოეტს უეცრად სახე მოეღრუბლა, ყრუდ ამოთქვა:
– მე კი… მე რომ ასეთი რამე შემემთხვეს, ზოგიერთი ჩემი სიყრმის მეგობარი მწერალი იყვირებს – მოგვაშორეთ, წაიყვანეთ, გზა გაგვითავისუფლეთო.
/წიგნიდან: „გალაკტიონი უცენზუროდ“, გამომცემლობა „არტანუჯი“, 2022/





















