
მჭირს სიყვარული განუკურნელი
ტაო-კლარჯეთის მიწის სურნელი –
არის სურნელი საქართველოსი,
მჭირს სიყვარული განუკურნელი
ბაგრატიონთა სამფლობელოსი.
დღეს აღარ რეკენ ოშკის ზარები,
თუმც კვლავ აოცებს მნახველებს ოშკი,
თითქოს ყველა დღე არის ზმანების,
სიზმარში ვხედავ: ხუთჯვრიან დროშით
როგორ შევდივარ წმინდა ტაძარში
და როგორ მლოცავს გრიგოლ ხანძთელი,
ვხედავ დედოფალს – ქართულ კაბაში
და მიხარია რომ ვარ ქართველი.
ჭოროხს გაღმაც ძგერს ქართული გული,
იმ ლაზისტანსაც ვლოცავ ბერივით,
შეინარჩუნეს ენა ქართული
ფერეიდნელი ქართველებივით.
მინდა ამიხდეს ყველა სიზმარი,
ცხადად ვიხილო ყველა ზმანება,
ვიდრე მასველებს ჩემი ცის ნამი,
იარები მაქვს სულში ბზარებად.
ტაო-კლარჯეთის მიწის სურნელი –
არის სურნელი საქართველოსი,
მჭირს სიყვარული განუკურნელი
ბაგრატოვანთა სამფლობელოსი.
თუმც აღარ რეკენ ოშკის ზარები,
დღესაც აოცებს ოშკი მნახველებს,
გულით მიქებენ ლამაზმანები
დიდ წინაპართა უკვდავ სახელებს.
დედამ ფიალა ღვინით ამივსო,
მსურს ვნახო ერი-გამარჯვებული,
ჩემი ფესვები სამარადისოდ
ამ მიწაშია დამარჯნებული.
ოთარ რურუა
………………………………………………………………………………………………………..
ოდა ტაო-კლარჯეთს
მიყვარხარ ტაო-კლარჯეთო,
სიზმარში ხშირად გნახულობ,
გული სიამით მევსება
ჩემო ოშკო და ხახულო.
ისევ აოცებთ მნახველებს,
მე ესეც მყოფნის საკვეხნად,
დიდება იმათ სახელებს,
ვინც აღგაშენათ ამქვეყნად.
ეს არის-რაც დაგვრჩენია,
არც გვინატრია სხვა ბედი,
ჩვენია… მხოლოდ ჩვენია
იშხანიც, ხანძთაც, შატბერდიც.
მეც მხიბლავს ტაო-კლარჯეთი,
თუნდაც სიზმარში ნახული,
გვწყალობდეს სალოცავები
და ღვთისმშობელი ხახულის.
ოთარ რურუა
……………………………………………………………………………………………………………….
სიზმრად ვნახე წუხელ ტაო
სიზმრად ვნახე წუხელ ტაო,
ტაო – ჩვენი საქართველო,
ჰოი, როგორ მინდა დაო
ტკივილები გავამრთელოთ.
მტკივა, როგორც სამაჩაბლო,
მტკივა, როგორც აფხაზეთი,
ვცდილობ: არ გადავაჭარბო
სათქმელს… შემწედ გვყავდეს ღმერთი.
რა რთულია ხვედრი ერის,
ვართ ცრემლებით დანამული,
მსურს ვიხილო ბედნიერი
ჩვენი მიწა და მამული.
სიზმრად ვნახე წუხელ ბანა,
ბანა – ძველი საქართველო,
ზურგში ჩასცა ბედმა დანა,
მინდა წყლული გავამრთელოთ.
დრო – დროს, დღე – დღეს, თვე – თვეს მისდევს,
აღარ ხარობს ბაღში ნუში,
თუმც მწამს: შეგვეწევა ქრისტე
მშობლიურის სიყვარულში.
ოთარ რურუა


























