უტოპიური ანომალია
ძალიან ბევრი რამის ამოთქმა მსურს,
ბევრის დაწერაც…
მე კი ვწევარ და მელოდიებს ვუსმენ გულდასმით…
წესით,
რაც ახლა ასახსნელია,
ისედაც ცხადი უნდა ყოფილიყო,
ხოდა თუ არ არის,
ე.ი. ახსნადაც არ ღირს…
ცხოვრება იმაზე მეტად მშვენიერი და ღრმაა,
ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ვიღაცას თვალების ფართოდ გახელა შველის,
მე დახუჭულით უფრო მეტს ვხედავ-
ასე საკუთარ ჭაში ვვარდები.
შველას არ ვითხოვ,
ამიტომაც ოწინარებს ნუ ჩამოუშვებთ.
მთვარე ნაწნავის ჩამოგდებას დამპირდა და
იმედი მაქვს,
ის მაინც გამოხატავს უპირობო თანადგომის ნებას.
თუ არადა,
მე, როგორც მზის ქურუმს,
სხივებით დატვირთული ურმით რომ ამომასვენებენ საკუთარი თავიდან ,
გაყინულ შუბლზე მზის დისკოს დამადებენ
და ძალაუბებურად გამომიყვანენ ბურანიდან.
თქვენ კი გთხოვთ,
ისევ უღრან ტყეში გადამმალეთ,
ისევ უსიერ ველებს შემასიეთ
და თქვენი ოწინარებით,
უწინარეს ყოვლისა,
ჩვენს შორის სავალი გზები ჩახერგეთ.
დიახ, ჩახერგეთ,
რომ ცხოვრებას გემო ჩაატანოთ,
სიცოცხლე შეირგოთ…
რომ მე უგერგილო,
საკუთარ თავზე შეყვარებულმა გორგონამ,
ყველა საცეცი ერთად ჩავიყო ყელში
და რადგან ვერ ვამბობ,
და რადგანაც ვერაფერს ვწერ,
ყელში მობჯენილ დარდზე ჯავრი ვიყარო და ამოვანთხიო…
მზია სალვარიძე

























