ახალი_ლექსი ✍️
ასპარაგეს_გვიმრა
ახლა ტყეში ვერ გადავალ საცხოვრებლად,
მარტო არ ვცხოვრობ რომ ყველაფერი საკუთარ სურვილებს შემოვაქსოვო.
ბავშვობაში მეც მსურდა კვარცხლბეკზე, დგომა ,
მაგრამ ეს ბავშვობაში იყო,
ახლა სრულიად მაკმაყოფილებს ჩემი კვარც-ვინილის იატაკი,
სრულიად უკაცხსვეტო აზრები
და ამიტომაც,
ვინილის მელოდიებითა და
ჰაერში გაჟღენთილი ვანილის სურნელით დამტკბარი,
ვზივარ და თიხის ქოთაში მიწას ვამუშავებ …
სხვა თუ არაფერი,
ტყეში ჩემი შესაძლო მოშენების სანაცვლოდ,
მინდა საკუთარი მინიატურული ასპარაგეს გვიმრა მოვაშენო
და ასპარეზი მივცე ყველა ჩემს სურვილსა და ნდომას ისე,
რომ არავის მივეჩრდილო,
არავის გავეჩხირო,
არავის გადავეღობო თვალსაწიერზე…
განა, არც აქამდე ვეღობებოდი,
მაგრამ ეს ღიობები,
რომლებიც ბაობაბებივით გაფართოვდბენ ბოლო პერიოდში,
სრულიად სხვა რამეზე მიმანიშნებენ,
სრულიად სხვაგან მიდგამენ წუთიერი შეყოვნებისა თუ კემპინგის ნიშნებს
და მეც კენგურუსავით,
ამდენი წყენის ყლაპვით მუცელდამძიმებული,
სანიშნიდან სანიშნემდე დავხტივარ გურუს ძიებაში,
უფრო სწორად ალაგის,
სადაც სულიდან ამოვასვენებ მას,
სადაც გვიმრებს ქოთნებით ამოვილაგებ მუცლის ჩანთიდან და ჩავთვლი,
რომ ამ გზით მაინც მოგიყვებით,
ამ გზით მაინც მიგანიშნებთ იმ ტყეზე,
რომელშიც აქამდეც თქვენს გვერდში ვცხოვრობდი,
მაგრამ თქვენ არასდროს შეგინიშნავთ
სრულიად ბუნებრივი და უნებური მისი ნიშა – ჩემი ბუნება…



























