ვახტანგ ღლონტი – 70
70 წლისა შესრულდა გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ვახტანგ პატიკოს ძე ღლონტი. ამის გამო საქართველოს მწერალთა კავშირმა იუბილარს მისალმება გაუგზავნა. მისალმებაში ნათქვამია:
ბატონო ვახტანგ!
ჩვენო საყვარელო, ჭირსა თუ ლხინში გამოცდილო თანამებრძოლო!
საქართველოს მწერალთა კავშირი, თქვენი მეგობარი ქართველი მწერლები გულმხურვალედ მოგესალმებიან ძმასა და მეგობარს, თანამედროვე ქართული მწერლობის ჭეშმარიტ რაინდს და გილოცავენ დაბადების 70 წლისთავს.
თქვენი ლიტერატურული დებიუტი 1977 წელს შედგა, როდესაც ქართულ პერიოდიკაში პირველი ლექსები გამოაქვეყნეთ. ასე დაიწყო თქვენი საინტერესო და, ამავე დროს, რთული სვლა შემოქმედებითი სრულყოფისაკენ. შეიძლება თამამად ითქვას, რომ მას შემდეგ თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში პირველხარისხოვან შემოქმედად ჩამოყალიბდით და მწერალთა იმ მცირერიცხოვან გუნდში მოიაზრებით, რომელიც განსაზღვრავს თანამედროვე ქართული მწერლობის დონეს და ახალი ფერადებით, ახალი სათქმელით ამდიდრებს მას.
თქვენი პოეტური კრებულები, ისეთები, როგორიცაა „ყვავილობა“, „სიყვარული“, „მე აქ ვიყავი“, „შეჩერდი, მგზავრო“, „სიტყვები ქარისთვის“, „სევდიანი სიმღერა“, „ბოღმა უარყოფილ სულთა“, „მოგონებათა ქუჩაბანდები“, „წვიმა და ოცნების გენერლები“, „ღმერთო, მიხედე ვახტანგს“, „წვიმა ჩემი სამშობლოა“, „შემოდგომა ჩემი დროა“, „რჩეული“ შეიყვარა მკითხველმა. ამ კრებულებში შესული ლექსები ხომ XXI საუკუნის ქართული პოეზიის მიღწევათა რიგს განეკუთვნება. მათში სრულად გაცხადდა თქვენი პოეტური ძალმოსილება, დაუოკებელი სწრაფვა ორიგინალური აზროვნებისკენ, ღრმა დაფიქრება სამშობლოს ბედსა თუ უბედობაზე, რაინდული, ამაღლებული სიყვარულის განცდა. თქვენი პოეზიის ლირიკული გმირი ხომ მარტოსული პილიგრიმია, რომელიც მარტოობას მარტოობით ებრძვის, ებრძვის ფარისევლებს, მოღალატეებსა და მუცლითმეზღაპრეებს, რომლებსაც ჩირადაც არ უღირთ არც სამშობლო და არც ის უძვირფასესი ფასეულობანი, დღევანდლამდე რომ მოიყვანა ეს ქვეყანა. მისხლით მისხლამდე აქვს გაზომილი ის მანძილი, ბეთლემს რომ აშორებს გეთსიმანიის ბაღამდე და გულს უკლავს ის, თუ რა მცირე დრო სჭირდება ერთგულებიდან ღალატამდე მისვლას, გადაბიჯებას სიკეთეზე, სიყვარულზე, ერთგულებაზე, თავმოყვარეობაზე. ამის შემდეგ კი ერთი ნაბიჯიღა რჩება კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი დანაშაულის ჩადენამდე. წიწამურთან ნასროლი ტყვია მის გულშიც გაივლის და თუ რამ ანუგეშებს, ის ანუგეშებს, რომ ის გასროლა დაგვიანებული აღმოჩნდა და ქართველობა ბოლომდე გაჰყვა დიდი ილიას ნაანდერძევ იმ ტრიადას – მამული, ენა, სარწმუნოება რომ ჰქვია. ერთი რამ კი ცხადად აქვს გასიგრძეგანებული – ახლა თითოეულმა ქართველმა ცხრა უღელი უნდა დაიდგას ქედზე და ისე უნდა დაიხარჯოს სამშობლოს სამსახურში. მხოლოდ მაშინ გამოჩნდება ბაზალეთის ტბაში ის სანუკვარი აკვანი, მხოლოდ მაშინ მოევლინებიან ქვეყანას. ახალი ცოტნე დადიანები და გიორგი ჭყონდიდელნი, ბერი თევდორეები და ქეთევან წამებულები, მხოლოდ მაშინ დაიწერება ახალი „გალობანი სინანულისანი“..
თქვენი პოეზიის საუკეთესო ნიმუშები არაერთ უცხოურ ენაზე ითარგმნა, მათზე პოპულარული საესტრადო თუ საგუნდო სიმღერები შეიქმნა.
თქვენი პიესა „თოვლის დედოფალი“ წარმატებით იდგმებოდა ბათუმის თოჯინების თეატრში.
ნაყოფიერი საზოგადო მოღვაწე ხართ. გიმუშავიათ ბათუმის თოჯინების თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგედ, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლად განათლების, კულტურისა და შემოქმედებით ინტელიგენციასთან მუშაობის სფეროში, ბათუმის საკრებულოს წევრად და განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარედ, ასოციაცია „გულანის“ ვიცე-პრეზიდენტად, გამომცემლობის „კიდევაც დაიზრდებიან“ მთავარი რედაქტორის მოადგილედ, ალმანახ „ლიტერატურა და ხელოვნების“ მთავარ რედაქტორად, საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარედ და ყველგან ღირსეულად იცავდით ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს, იცავდით ქაართველი მწერლის ღირსებასა და სახელს.
თქვენი ღვწა და რუდუნება ღირსეულად დაფასდა. მონიჭებული გაქვთ ილია ჭავჭავაძის, აბუსერიძე ტბელის, მემედ აბაშიძის (3), აკაკი წერეთლის, გალაკტიონ ტაბიძის, ტიციან ტაბიძის, ფრიდონ ხალვასის სახელობის, ასოციაცია „გულანის“, „ოქროს წიგნის“, „საგურამოს“ პრემიები. დაჯილდოებული ხართ დავით აღმაშენებლის გრან-პრით და ოქროს მედლით, პოეზიის რაინდის, წლის პოეტის, წლის ხელოვანის, საქართველოს ბრენდ-პერსონის წოდებებით. არჩეული ხართ საპატიო ბათუმელად და „ბათუმის სახედ“. გვიხარია, რომ თქვენი მრავალრიცხოვანი ჯილდოების რიგს ეკიდევ ერთი შეემატა – ილია ჭავჭავაძის ენდალმა და ოქროს მედალი.
ბატონო ვახტანგ!
ამ გათითოკაცებულ სამყაროში, სადაც ბოროტებასა და ავკაცობას ღრმად გაუდგამს ფესვები. იმ ჭეშმარიტ რაინდად მიგვაჩნიხართ, გულით რომ დაატარებს საქართველოს. ამიტომაც გვესახებით ამ ქვეყნის მეციხოვნედ და ჭირისუფლად…
კიდევ ერთხელ სიყვარულით გილოცავთ საიუბილეო თარიღს დიდებულ შემოქმედსა და მოღვაწეს, დღეგრძელობასა და მზეგრძელობას გისურვებთ მშობელი ქვეყნის სადიდებლად.
























