მთელი მსოფლიო თქვენთვის მიჩუქნია, მე დამაბრუნეთ 60-80- ინი წლების თბილისში, სიყვარულის, სითბოს,მეგობრობის, ურთიერთობების, კოლორიტების აივნიან ქალაქში, სადაც ღია ფანჯრებიდან გიტარის და ფორტეპიანოს ხმები ისმოდა,სადაც შურის, სიბოროტის და ბოღმის ადგილი არ იყო, სადაც რუსთაველის გამზირზე ყველა ერთმანეთს ვესალმებოდით, სადაც ლაღიძის წყლებით ვგრილდებოდით და ერთმანეთს ვუღიმოდით, იმ პლეხანოვზე დამაბრუნეთ სადაც ჭადრები მზეს გვიჩრდილავდნენ, იმ თბილისურ ეზოში დამაბრუნეთ სადაც მთელი სამეზობლო დილით ერთად ვსვამდით ყავას, მთელი მარკეტები თქვენთვის დამითმია, მე ჩემი მანგლისიდან ჩამოსული ქალის მაწონი მირჩევნია, დილაობით რომ მაღვიძებდა” მაწონიი” აბა ნაღდი რძე და მაწონი”მერე დედა ფარდებს გადასწევდა, სხვანაირი მზე იყო თითქოს, უფრო თბილი და ალერსიანი, “ადექი დედიკო სკოლაში გაგვიანდება” თან ღიმილნარევი ხმით მკითხავდა :”აბა საით გაქვთ დღეს გეზი აღებული, მზიურში თუ ზოოპარკში? “, ჩემს გადარეულ კლასელებთან ერთად შატალოს ამბები უკვე მონაყოლი ჰქონდა მასწავლებელს, მერე ბუფეტის კატლეტებს დამიწუნებდა კიდევ ერთხელ, ” დედი შავი პურია ხორცი კი არა, მაგას რა გაჭმევს, იცი რა მაგარი კატლეტები გაგიკეთე ის ჭამეო” მე კი ჯიუტად ბუფეტის კატლეტების რიგში ვიდექი და თინას შავი პურის, თუ მანის კატლეტი ქვეყანას მერჩივნა. დამალობანას, რეზინობანას, წრეში ბურთის, ამის პატრონმა რა ჰქნას თამაში არასდროს მწყინდებოდა, ბამბიქტონი? ჰმ, მგონი ამ თაობამ საერთოდ არ იცის რა არის, მაგრამ მაინც ყველაფერს ვასწრებდი, სწავლას,კითხვას, პიონერთა სასახლეში წრეებზე სიარულს და პატარა ეკრანში კვერცხების ჭერასაც კალათით, ნუ პაგადის მულთფილმი რომ უნდა ეჩვენებინა ვითომ, კვირაში ერთხელ მაინც მარჯანიშვილის და რუსთაველის თეატრში საგანგებოდ გამოწყობილი კაბით დავდიოდი და შედევრებს ვუყურებდი ლეგენდების შესრულებით,სად წავიდა, სად გაქრა ეს ყველაფერი? ან ეს ღიმილა ხალხი რატომ აღარ მხვდება ქუჩაში? ან რატომ არის ასეთი სიცარიელე? თქვენთვის დამითმია ტელეფონებიც და ლეპტოპებიც, მე ისევ ის “ილუზიონი”მირჩევნია სულმოუთქმენლად, მთელი ოჯახი რომ ველოდით შაბათ საღამოს, დამაბრუნეთ ისევ კაფე “ფრანციაში” ჩემს დაქალებთან ერთად, რომ გემრიელი ნამცვხვრები დავაგემოვნო და თან ვიჭორაო მოდაზე, ფილმებზე, მსახიობებზე, შეყვარებულებზე, დამაბრუნეთ სიონთან ბარში, რომ კოქტეილი მოვწრუპო და აკრძალულ მუსიკას მოვუსმინო, კაფე ბუმერანგში ყავა მინდა დავლიო და ჩემს მეგობრებს ის წიგნები გავუზიარო რაც წავიკითხე და მეგობრობის დღიური შევავსებინო, დამაბრუნეთ მთაწმინდაზე მინდა ჩემს თბილისს გადმოვხედო, ოღონდ ჩაბეტონებულს კი, არა, სიმწვანეში და სიყვარულში ჩაფლულს♥️





























