Kakha Kvashilava
ვერ ვივიწყებთ…
ბოდიშს აქეთ ველოდებით.
29 წლის წინ, 16 სექტემბერს არავინ ფიქრობდა, რომ ეს უკანასკნელი სექტემბერი იქნებოდა მშობლიურ სახლში…
რომ ბევრი მათგანი, სახლთან ერთად, ახლობელსაც დაკარგავდა…
რომ წინ ისეთი ცხოვრება ელოდათ, რომელზედაც წარმოდგენაც კი არ შეეძლოთ…
მშვიდობიან სოხუმს, რომელიც ცდილობდა ომის დავიწყებას და გუმისთის მეორე ნაპირზე მყოფ აფხაზ თანამოძმეს მშვიდობის ხელს უწვდიდა, მუხანათურად ზურგში ესროლეს.
სოხუმელებს არ წარმოედგინათ, რომ ასეთ არაკაცობას ჩაიდენდნენ.
ისევ იარაღი აისხეს. არადა, ტყვია-წამალი უკვე აღარ ჰქონდათ. წაართვეს…
შემოტანაც შეუძლებელი გახდა: ზღვას რუსები აკონტროლებდნენ.
მთაშიც მტერი იდგა…
1993 წლის 27 ივლისს სოჩაში ხელშეკრულება გაფორმდა მოწინააღმდეგე მხარეების დაშორიშორების შესახებ. ფაქტობრივად, ეს აფხაზეთიდან ქართული არმიის გაყვანას ნიშნავდა. ამასთან ერთად, შეიარაღებაც უნდა გაეტანათ ფოთში. სოხუმში მოჩვენებითი მშვიდობა დადგა. გახიზნული ხალხი სახლებს უბრუნდებოდა. სკოლები და უნივერსიტეტები ახალი სასწავლო წლისათვის ემზადებოდნენ. მაგრამ მე ერთი წუთითაც არ დამიჯერებია, რომ მშვიდობა დადგა და ვცდილობდი, ყველა ამაში დამერწმუნებინა. 18 წლის პირველკურსელს არავინ მიჯერებდა. ამიტომ წინააღმდეგი ვიყავი შეიარაღების ჩაბარების. არ მახსოვს, ვინ იყო, ჩვენთან ნაწილში შტაბიდან მოვიდა კაცი და იარაღის ჩაბარება დაიწყეთო, ფოთში უნდა გადაიზიდოსო. 18 წლის „ცხვირმოუხოცავმა“ რიგითმა შეპასუხება გავბედე: დიდ შეცდომას ჩავდივართ, ომი ასე არ მთავრდება-მეთქი. ოფიცერმა მომიგო, ასეთი შეთანხმებაა, რუსეთი უდგას თავში და დამთავრდა ომიო. მერე მიხვდა ეტყობა, რომ მასაც არ სჯეროდა და რა ვქნათ, ბრძანებააო. მეორე დღეს მოვიდა ისევ და იარაღის ნაწილი უნდა ჩავბაროთ, მაგრამ ნაწილს გადავმალავთო. ხელისუფლებაში, ჩანს, ვიღაც მიხვდა, რომ რუსეთის „შუამავლობისათვის“ არ უნდა დაგვეჯერებინა. ეს მაინც გამიხარდა. ამ გადამალულმა შეიარაღებამ ამოასუნთქია სოხუმს მთელი 10 დღე, თორემ 16-შივე დაეცემოდა და მსხვერპლი 10-ჯერ და 20-ჯერ მეტი იქნებოდა.
15 სექტემბრის საღამოს სახლში ავედი დასასვენებლად. ტკბილად ჩამეძინა ჩემს ლოგინში. დილას დედისა და მეზობლის გადალაპარაკებამ გამაღვიძა:
– ისევ ომი დაიწყოო…
არადა, თითქოს ყველაფერი მოწესრიგდა. ბავშვები სასკოლოდ ემზადებოდნენ, მე მეორე კურსელობისათვის. სწავლა სწორედ 16-ში უნდა დაწყებულიყო.
მიამიტი ხალხი ვართ ქართველები. მშვიდობა იმდენად გვიყვარს, რომ ომს არ ვაღიარებთ.
ძალიან მალე დაგვავიწყდა ურთულესი თვეები, საშინელი ზამთარი, მძინარე ქალაქის მოკვლის სურვილი 15-16 მარტს. სულ ბოლოს, ივლისის შემოტევაც კი…
მშვიდობა გვინდოდა.
ქართველი ჯარისკაცები გუმისთაზე აფხაზებს ფეხბურთს ეთამაშებოდნენ და მერე ერთად მწვადებს აგემოვნებდნენ.
ქართველს აფხაზის მტრობის არ ეჯერა.
აფხაზი და რუსი კი სოხუმის აღების გეგმას ამუშავებდნენ.
სანამ ჩვენ მშვიდობიან სოხუმს ვეჩვეოდით, მტერი შესაფერისს დროს ელოდა.
თუმცა, ქართველებშიც იყვნენ გონიერნი და ტყვია-წამლის მარაგის ნაწილი გადამალეს.
მტერმა ეს არ იცოდა.
16-ში გამთენიისას სისხლით გაუმაძღარმა მტერმა გულრიფშ-ოჩამჩირის გზა გადაკეტა, გუმისთიდან და შრომის მისადგომებიდან მშვიდობიან ქალაქს ცეცხლი გაუხსნა.
ქალაქი განწირული იყო საშინელი სიკვდილისთვის, მაგრამ გადამალულმა ტყვია-წამალმა და ქართველი ჯარისკაცის შეუპოვრობამ განწირულ სოხუმს 11 დღე აჩუქა.
ერთადერთი მხრიდან ელოდებოდა სოხუმი შველას და იქაც თანამედროვე „ბაზალეთი“ იმართებოდა…
1993 წლის 16-27 სექტემბერი…
განიარაღებულ და ალყაშემორტყმულ სოხუმელთა და გულრიფშელთა საოცარი გმირობის დეკადა…
კინდღელთა საოცარი თავგანწირვა…
უთანასწორო ბრძოლა ბოლო წუთამდე, ბოლო მასრამდე, ბოლო ჭურვამდე.
მახსოვს…
მტკივა…
და მეამაყება!
დაუცველი ქალაქის გმირული თავგანწირვისა და საოცარი გმირობის ბოლო 11 დღე…
დიდება გმირებს!
იმ დღეების გმირებო, მეამაყებით!❤️
15.09.2022

































