შირინჯე / Şirince
შირინჯე – ( ბერძნული სახელწოდება კირკინჯე, რომელიც მოგვიანებით გადაკეთდა ჩირქინჯედ, ხოლო თურქეთის რესპუბლიკის დაარსების წლებში უწოდეს შირინჯე- რაც ლამაზს, სასიამოვნოს, მშვენიერს ნიშნავს ) ტურისტული დასახლება სელჩუქში. იზმირიდან ერთი საათის სავალზეა.
ეს პატარა ბერძნული სოფელი მეხუთე საუკუნიდან ითვლის თავის ისტორიას, განთქმულია ლეღვის, ვაზისა და ზეთისხილის საუკეთესო ჯიშებით. ხის დარაბებიანი და კრამიტით გადახურული თეთრი სახლები ისეა ფერდობზე აგებული, რომ ერთმანეთს არ ეფარება. მთაზე შეფენილი სოფელი ლამაზი ბუნებრივი გარემოთი, კომფორტული სასტუმროებითა და მრავალფეროვანი რესტორნებით ტურისტების საყვარელი ადგილია. გარდა ამისა, აქვეა წმ.დიმიტრის სახ. ორთოდოქსული ეკლესია ცნობილი 12 მოციქულის ფრესკებით, სადაც მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოსი პერიოდულად წირვას ატარებს. არის მეორე ეკლესიც- წმ.იოანეს სახელობის- ბაპტისტების, აშენებული 1805 წელს.
P.S. 1921 წლის „თურქეთ-საბერძნეთის მოსახლეობის გაცვლის პროგრამის“ ფარგლებში, ბერძნები გადასახლდნენ საბერძნეთში, ხოლო იქ მცხოვრები თურქები ამ სოფელში ჩაასახლეს…ამ მტკივნეულ თემაზე მოთხრობა „ჩირქინჯე“ დაწერა ცნობილმა თურქმა მწერალმა საბაჰათინ ალიმ.
შირინჯეს პოპულარობა მოუტანა ერთმა ამბავმაც: 2012 წლის დეკემბერში მაიას კალენდრით მეორედ მოსვლა იყო „გამოცხადებული“, გავრცელდა ხმა -შირინჯე გადარჩებაო… უნდა გენახათ, რა ხდებოდა მაშინ ამ სოფელში, მსოფლიოს ყველა კუთხიდან მოაწყდნენ….
და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ბრედ პიტი რომ თამაშობს იმ ფილმისათვის – „ტროას ომი“ – სამკაულები შირინჯეს ერთ-ერთ დუქანში დამზადდა…
თუ ესტუმრებით აქაურობას, აუცილებლად დააგემოვნეთ ხილის ღვინოები ( დაწყებული მაყვალიდან ყველა ხილის ღვინო აქვთ ) და რა თქმა უნდა, ცხელ ქვიშაზე „ჯეზვეთი“ მოდუღებული თურქული ყავა 🙂



























