Selçuk Ayasuluk ( ძველი სახელწოდება აიასულუქ )
მდინარე მენდერესის ხეობაში გაშენებული დაბა-ქალაქი სელჩუქი ( ძველი სახელწოდება აიასულუქ ) ზეთისხილისა და ატმების ბაღებშია ჩაფლული.
სელჩუქი იზმირიდან ერთი საათის სავალზეა და მდებარეობს გზაჯვარედინზე, საიდანაც ირჩევთ მარშრუტს, რომ ნახოთ : ანტიკური ქალაქი ეფესო, მარიამის სავანე, შვიდმიძინებულთა ეკლესია,ბერძნული სოფელი შირინჯე, წმ.იოანეს ეკლესია, ისა ბეი ჯამი-მეჩეთი, არტემიდას ტაძარი…დაბოლოს, ცენტრიდან 25 წუთში შეგიძლიათ ქუშადასში ჩახვიდეთ.
სელჩუქი წლებია დაძმობილებულია ქობულეთთან .
სელჩუქის ციხე-სიმაგრის კედლებში და მის გარეთ ერთმანეთს ფენა-ფენა, გვერდი- გვერდ მიჰყვება ხეთური, ბიზანტიური, სელჯუკური, ოსმალური ნაგებობების წყება.
ისტორიის ათვლას იწყებ ოსმალების მიერ გამაგრებულ ციხე-სიმაგრის კედლებიდან, ჭიშკარში როგორც კი შეხვალ, ეკლესიის შემორჩენილ თაღებში დაეძებ საკურთხეველს, სადაც მარმარილოსგან გამოთლილი მაგიდა (ტრაპეზი) დგას ( ვინ იცის, აქ რამდენჯერ შესრულდა ღვინისა და პურის ქრისტეს სისხლად და ხორცად გადაქცევის საიდუმლო წესი), საბანელს ემბაზისას-ოთხკუთხა ქვის აუზს…, ცოტას გაივლი და გამოჩნდება წმიდა იოანეს საფლავი, იესოს მოწაფისა და სახარების ერთ-ერთი ავტორის… ირგვლივ ჩამოშლილ სვეტებზე საუკუნეებიგამოვლილი ჯვარი და ვაზი…
ციხის კედლიდან გადახედავ და დაინახავ სელჯუქების მიერ აგებულ მეჩეთს- „ისა ბეი ჯამი“, რომელიც ცნობილია “ჩინის“ ანუ ფერადი ფაიფურის მოზაიკითა და ლომის ბარელიეფური გამოსახულებით, რაც უჩვეულოა გვიანდელი პერიოდის მეჩეთებში
ქვემოთ, გაშლილ ველზე აღმართულია სვეტი, ერთადერთი მოწმე დიდებული არტემიდას ტაძრისა…





















