მაჭახლის სტვირი
მე ერთი უბრალო, უმწეო სტვირი ვარ
მაჭახლის მოკვეცილ ფერდიდან აჭრილი,
კარჩხალი მტკივა და ნამსხვანში მატოკებს
ეს ნაოხრალი და ნაფეხვი აჭარა.
მე გუდასტვირი ვარ, ნაგვემარ-ნაკვესი
სხვის კარზე მაკვნესეს, შენს ქოხზე მოდერდალს,
ჩემსავით მრავალი გაწყვიტეს ყიაში
მამალი, ჯინზე რომ არაფრით მოდედლდა.
იმ ღამით, ტაძრიდან ჯვარი რომ ჩამოხსნეს
მესტვირემ სიმწრისგან ინდაყვზე იკბინა,
მახსოვს, როს ჩამბერეს, ისე ვიხრიალე
რომ თხები დავუფრთხე ჩვენს კილდეკიკვინას…
მას მერე ვტირი და
მას მერე ვკანკალებ,
სხვის მკერდზე მიკრული შენს უბეს მოველი,
რომ გულზე დამისვა,
რომ სული ჩამბერო,
რომ აღსდგეს თანდათან ღვთის ნებით ყოველი
და მერე ფეხდაფეხ მოვივლი შენს ბებერ
თვალვერმიუწვდენელ კლდეებზე საოცარ
ნაშენებ,
ნაოხრალ,
ნასისხლარ ციხეებს
და ტაძრებს, ოდითგან ჩვენს წმინდა სალოცავთ…
რომ ღმერთი ვადიდოთ,
რომ ღმერთი ვირწმუნოთ,
რომ ღმერთი ვეძიოთ ნატაძრალ ჯამეში,
ჩუქურთმის უბეში მოხვეწილ ვაზისებრ
ბრწკალით მოგეჭიდე, რომ არსად გაგეშვი
რომ აღარ მემღერა სხვისი სამღერელი
და აღარც მეცეკვა მავანთა დაკრულზე…
მიტომაც ღმერთივით ვეწამე და ჯვარზე
შემოვრჩი ბარაბას მხარდამხარ გაკრული..
@@@























