დრო, დროა ჩემო…
გინდა თუ არა, ვერ გააწბილებ ,
( ის კი გაწბილებს)
ნება-დართული მგზავრივით მისდევ
(და გაქვს, სხვა გზა კი ?!)
მწარე ხელი აქვს, თუ ეურჩები და არ ჭირდება
მიუშვირო მეორე ლოყა,
თავად ახერხებს მეორეშიც
გალაწუნებას.
ტკივილის მერე, ამჩნევ სამყაროს შეგრძნებებით
და არა ხედვით…
ჩვეულებრივად, შენ უკვე გრძნობ
სარეცხის თოკზე,
ცარიელ სარჭებს როგორ ამცივნებს
ცოცხალ სხეულის
სამოსიდან დატოვებული ანაბარი, მუქი ამბების,
კბილებით იჭერს მათ ისტორიებს
გულში გახეთქილს
და მზე წვიმაში, თოვლში , ქარში
ინარჩუნებს ერთგულ სიმართლეს.
მზეზე დაფენილ სამოსის ნაცვლად,
ამოხველებულ მათ ტკივილებს აჰყრის სინესტეს
ოღონდ კი შეძლოს,
ვიდრე წელში გადაიმტვრევა,
და ესეც ალბათ,
ვიდრე გაუძლებს უმართავი
დროის მიშვებას.
ის კი, ვიღაცას უსულო და კენტი ჰგონია,
ადამიანის გულივით რომ
განაგრძობს ფეთქვას,
ხვალაც და ზეგაც…
რომ დაკიდოს მხრებით ისევ თოკზე ამბები,
სამოსიდან გამოპირული.
….
დრო, დროა ჩემო… ესეც დროა,
გინდა თუ არა, ვერ გააწბილებ ,
( ის კი გაწბილებს)…























