ეს მოთხრობა იტალიურ ენაზე უნდა ითარგმნოს. თქვენი აზრი საინტერესოა მეგობრებო
,,პატიმრის ერთი ფანჯარა“
მეორე ნაწილი
იდგა დეკემბერი. თითქოს ლეთარგიული ძილიდან ვერ გამოსული, ცუდ და არასასიამოვნო კადრებს ხედავდა. პოლიციელები, რომლებიც კითხვებს კითხვებზე სვამდნენ, მის ირგვლივ, თითქოს შენელებული კადრებივით, ნესტიან ნისლში მოძრაობდნენ. ძალიან შორიდან კი, ქალის ხმა ჩაესმოდა,,არ თქვა შენი სახელი და გვარი, უსაბუთო ხარ და ქვეყანას დაგატოვებინებენ“. რა მოიფიქროს რა ჰქვია, რა გვარია?! პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები ჩანთაში არ ჰქონდა. მან არ იცის დაბნეულობა და ახლა რა დაემართა? პოლიციის მანქანიდან გზას ვერ ხედავდა და არც კითხვებს სვამდა. რომის საემიგრაციო ციხის, ქალთა მისაღებ განყოფილებაში, მისთვის გაურკვეველ ფურცელზე ხელი მოაწერინეს და ყრუდ განლაგებულ საკნებისკენ წაიყვანეს. თაღებიან დერეფნებში, სადაც ხმაური ღრიანცელში გადასულიყო, პატიმრების გადაძახილი ესმოდა, ,,ქართველი მოიყვანეს“. საკანი პირქუში, ცივი და ნესტიანი იყო, რომლის ერთ კედელზე, ვიღაცას ეკლესიები და მათ შორის მონავარდე ჩიტები დაუხატავს. ბორკილები რომ მოხსნეს, იგრძნო თითქოს ხელები ჩამოემსხვრა ტკივილისაგან და წამოიყვირა.
სიცივე...სიცივე...სიცივე და სურვილი სიცივიდან გაქცევის. უნდოდა გამოღვიძება, რომ კოშმარული სიზმარი დამთავრებულიყო, მაგრამ ვერ იღვიძებდა, ბორგავდა, იტანჯებოდა... ეს, არ იყო ძილი. გონებას არ სურდა მომხდარი მოვლენების გაცნობიერება და დაჯერება, მაგრამ რეალობამ თავისი მკაცრი თვალებით, თითქოს ერთ ადგილს მიაჭედა. ფიქრომდა სამსახურზე, სადაც საღამოს უნდა დაბრუნებულიყო და ვერ ბრუნდებოდა. დაელოდებიან ნახევარი საათით, დაელოდებიან ერთი საათით, გაბრაზდებიან და უპასუხისმგებლობას დააბრალებენ. მერე მეგობრებთან მოიკითხავენ, ვერაფერს ვერ გაიგებენ და ცოტა შეშფოთდებიან. არა, დარწმუნებულია, ყველაფერი ძალიან მალე გაირკვევა და აქედან გაუშვებენ.
ღამე სხეული გაეყინა. რკინის კარის მძიმე ხმაზე, ნახევრად გახელილი თვალებით აიხედა. საკონტროლო კამერებიდან შეუმჩნევიათ, დასაგები და დასაფარებელი რომ არაფერი ჰქონდა, ზედამხედველმა ქალმა პლედი მოუტანა და აგდებულად ჰკითხა:
- გოგო, შენ იტალიური იცი?
თანხმობის ნიშნად, თავი დაუქნია . - ციხეში მოხვედრისთვის, ძალიან ახალგაზრდა ხარ. რატომ ჩაგსვევს.
ჯერ იყუჩა და მერე ამოილუღლუღა: - არ ვიცი რა მოხდა, ან აქ რატომ ვარ.
ქალმა, ზევიდან ირონიით დახედა და უთხრა: - ყველა დამნაშავე ასე ამბობს. შენი აზრით, დამნაშავეები გარეთ დასეირნობენ და უდანაშაულო ადამიანებით გაავსეს ციხეები?! როგორი მძიმე ხმაურითაც გააღო რკინის კარი, ასევე მძიმედ გაიხურა და საკანში მასთან ერთად მხოლოდ დიდი, შავი შიში დარჩა.
დილით ყველა პატიმარი ქალი, ექიმთან გაიყვანეს. (ამას ექიმის საათი ჰქვია). გოგოს არ სურდა დაენახა მათი სახეები და მათთან ერთად რიგში ისე იდგა, მაღლა არ აუხედავს. იქაურები უკვე მიჩვეულები იყვნენ ახალბედა პატიმრების სასოწარკვეთას და გაუბედაობას. მათ ამ დროს, მხოლოდ მრავალმნიშვნელოვანი, ან დამცინავი ღიმილი შეეძლოთ. ზორბა ტანის, შავკანიანმა ქალმა, ნიკაპზე ხელი ამოსდო და უთხრა, მე, აფრიკიდან ვარ, ალანა. აქ ერთი ქართველი იჯდა, ხუთი დღეა გაანთავისუფლეს. შენ რა გქვია? გოგომ თავი უფრო ჩაკიდა და უთხრა, ქართველი დამიძახეთ. პატიმრებთან ურთიერთობის ამ მოკლე დროშიც იგრძნობოდა, მაროკოელებისა და ალბანელების აგრესორობა. ალანას ხმაში კი, იყო ის სითბო, რაც სხვა პატიმარ ქალებში, არავის ჰქონდა.
გოგომ ცხოვრება დაბადებიდან, ოცდაათ წელში ჩაატია. სულ ორი წელია, რაც კონსერვატორია დაამთავრა და იტალიაში ჩამოვიდა. სამუშაოსთან ერთად, ოცნებასაც აგრძელებდა და ახლა კი აქ არის, ციხის ყოველმხრივ დაგმანულ სივრცეში, უამრავი დამნაშავის და იქნებ უდანაშაულოს გვერდითაც. ადამიანს, ყველაზე დიდი დამნაშავე სხვა ჰგონია. იქნებ ისინი მასზეც ასე ფიქრობდნენ?
საემიგრაციოდან ქართველთან ადვოკატი მოვიდაო, დაიძახეს. უკვე იცოდა, აქ ქართველი, მარტო თვითონ იყო და იმედი მიეცა. ადვოკატი მაღალი, გამხდარი კაცი აღმოჩნდა. მაგიდასთან ერთმანეთის პირისპირ დასხდნენ. ადვოკატს არ უკითხავს რა პირობებში იყო, ან როგორ ექცეოდნენ. პირდაპირ საქმეზე გადავიდა. - მოპარული ნივთის ღირებულება, რომლის მოპარვაც, მაღაზიის მეპატრონემ თქვენ დაგაბრალათ, ოცდაორ ევროს შეადგენს. მოპარვის ფაქტი, კამერებმა დააფიქსირეს და პოლიციამ დამნაშავე ქალბატონი დააკავა. სამწუხაროა, რომ თქვენდაუნებურად მის გვერდით აღმოჩნდით, რამაც შეცდომა გამოიწვია. ამის გამო თქვენ ბოდიშს მოგიხდიან.
- მადლობა უფალს! ახლავე გამათავისუფლებენ? დღესვე? და სიხარულით სკამიდან წამოხტა.
- არა, არ გაგათავისუფლებენ. ჯერ თქვენი საპასპორტო მონაცემების იდენტურობა უნდა დამტკიცდეს. ამას კი დრო ესაჭიროება. თქვენ აქ, სხვა გვარით და სახელით შემოხვედით.
ეგონა სუნთქვა შეწყვიტა და მოკვდა. ისევ ქალის სიტყვები ჩაესმის ,,არ თქვა შენი სახელი და გვარი“. ორივე ხელები ყურებზე აიფარა რომ ეს ხმა მეტად აღარ გაეგო.რატომ მოხდა ასე, რატომ? ადვოკატი ისე გამოემშვიდობა, თავი, ხელებიდან არ აუწევია. ასე იჯდა დამხობილი, ვიდრე ზედამხედველმა ქალმა, ხელის კვრით, საპატიმრო ოთახში არ გაიყვანა. ეს უხეში ხელი, მისთვის ცხოვრების მოქნეული ხელი იყო, რომელმაც ნათლად დაანახვა და დააფიქრა, თავის მძიმე გარემოებაზე. რამდენიმე წუთმა მისი ყოფიერება შეცვალა და ახლა, პატიმრის სტატუსითაა. უკვე გაიაზრა, აქ რომ გადარჩეს, თავი საკუთარი შვილივით უნდა დაიცვას, უნდა ისწავლოს თავდასხმა თავდაცვის გამო, რადგან ეს ციხეა, ციხე. არ იცის, რამდენ ხანს მოუწევს მათთან ერთად ცხოვრების გაძლება. ის თავის თავს, ერთ მთლიანობად ვეღარ აღიქვავდა. უფერო , პატარა დანაყოფებისაგან შემდგარი გრძნობდა მის სულს, ბზარები ნელ-ნელა, როგორ ემატებოდა.
Autore #Eka Otarashvili





















