მზია სალვარიძე
რასაც ვფიქრობ, იმას ვლაპარაკობ, ვწერ და ვაჟღერებ. ჩემი პოსტებიდან თუ გარემოცვიდან აორთქლებული საზოგადოების წინაშე საჯაროდ ვიხდი ბოდიშს 🙏.
რა ჩემი ბრალია, თუ პირმოთნეობა არაა ჩემი საქმე? არც თმენის ვალდებულება მაქვს ვინმეს მიმართ და მითუმეტეს- გაუთქმელობის პირობაც არავისთვის მიმიცია.
მაპატიეთ, თუ ვერ ვჯდები თქვენს პარტიულ თუ ლიტერატურულ გემოვნებაში…
მომიტევეთ, თუ ჩემმა სიხისტემ ტემპი აუჩქარა თქვენს ნეირონებს…
რაც არის, არის!
რაც იყო, იყო!
აი, რა იქნება, ეს კი ნამდვილად უნდა მივანდოთ უფალსა და ჩვენს ნამუსს.
სადაც კითხვა დაისმება, იქვე გავცემ ყველას ამომწურავ პასუხს.
ვინც არ მომრიდებია, ნურც ჩემგან ელოდება დიდსულოვნებას.
არც არაფერს ვკარგავ, არც არაფერს ველოდები.
ჩემთვის უთქვენობით არც იქცევა და არც შენდება სამყარო.
მე თამაშიც წესებს არ ვარღვევ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თამაშში არასდროს ვერთვები. ამიტომაც, ნუ ცდილობთ, თამაშგარეშე მდგომარეობად ჩამითვალოთ ის მომენტები, რა დროსაც თქვენსა თუ სხვის კარში გოლები გამაქვს… თუ გავიტანე, ე.ი. გავიტანე და მორჩა. თუ ვერ გავიტანე, ვერ გავიტანე და, რადგან თქვენს დარად არც თამაშის ჩაშლას, არც მსაჯის მოსყიდვასა და მითუმეტეს – მაყურებელთათვის თვალში ნაცრის შეყრას არ ვითხოვ, კეთილი ინებეთ და შეინახეთ ეს წითელ-ყვითელი ბარათები თქვენთვის. თუ არადა, აუფრიალეთ მათ, ვინც თქვენი თამაშის წესებს ღებულობს!
გაიხსენეთ ის, რასაც გამოჩენის დღიდან გავყვირი – მე მარტოხე ავტორი ვარ, საკუთარი ავტონომიითა და ავტორიტეტით. მერე რა, რარიტეტად თუ არ შეიწონება ოდესმე ჩემი წიგნები ?
გახსოვდეთ, წინ ვდგები ყველანაირი უსამართლობის წინაშე და სადაც არ უნდა მომისროლოდ, სადაც არ უნდა მიმაფუჩეჩოთ,
ვერასდროს მაქცევთ მართულად და იმ მავთულ-ხლართს, რითაც ხელ-ფეხის შეკვრას მიპირებთ, თავ-პირს აგიკრავთ და საკუთარ თავებს კრავებად შეგწირავთ !
გვიანი ღამე მშვიდობისა, მშვიდობის მტრედებო. მაპატიეთ, თქვენს ორკესტრირებულ ღუღუნს ყვავის ჩხავილი თუ შემოვაპარე. ჩვენ მაინც მრავალხმიანობის ქვეყანა ვართ და გასაკვირი აქ არაფერი უნდა იყოს… და თუ არის, გაიკვირვეთ, ნება ხომ ისედაც თქვენია ?!



























