Eka Suraneli: თამარ ნეჯლა მახარაძე | Necla Yilmaz Akgünüş Makharadze
მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს მინდა გაგაცნოთ ერთი განსაკუთრებული ქალი – თამარ ნეჯლა მახარაძე, რომელიც თურქეთში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ მთელი სული და გული საქართველოსკენ აქვს მიმართული. „ქართველი“ – ასე მტკიცედ წარმოადგენს თავს. „მე არ მომწონს, როცა ამბობენ – თურქეთელი ქართველი ან ჩვენებური. მე ქართველი ვარ და მორჩა,“ – მითხრა თამარმა ჩვენი პირველი საუბრისას, და გული სიამაყით ამივსო, მისი სიტყვების სიმტკიცემ, ემოციამ და სითბომ. ძალიან იმოქმედა ჩემზე.
თამარი საოცრად ლამაზად ფლობს ქართულ ენას. მის სიტყვებში იგრძნობა მშობლიური მიწის სურნელი, სითბო, სიყვარული სამშობლოს მიმართ.
თამარი დაიბადა 1965 წლის 14 ივლისს, ართვინის პროვინციაში, პატარა ბორჩქაში. ერთ წლამდე ოჯახი მაჭახელის სოფელში ცხოვრობდა, სადაც მამა მასწავლებლად მუშაობდა. შემდეგ ოჯახი სამსუნში გადავიდა, სადაც თამარმა დაამთავრა დაწყებითი სკოლა. მოგვიანებით, მამა ბურსის ქარაჯაბეის სკოლაში გადმოვიდა, რის გამოც ოჯახიც იქ გადავიდა, და თამარმა საშუალო სკოლა იქ დაასრულა. ოჯახი კი საბოლოოდ გადავიდა საცხოვრებლად , დასახლდა პატარა ქართულ სოფელში ქარაჯაბეი, ეს სოფელი ადგილმდებარეობით, ლამაზი ბუნებით ქართულ სოფელს მოგაგონებთ.
„ჩვენ ოჯახში ყოველთვის ქართულად ვსაუბრობდით,“ – ამბობს თამარი. – „მამა გვასწავლიდა სამშობლოს სიყვარულს, გვიყვებოდა კულტურასა და ტრადიციებზე. დედა კი სულიერად გვამზადებდა სამყაროსთან ურთიერთობისთვის. ჩვენ ხუთი შვილი ვართ, აქედან სამმა საქართველოში მიიღო უმაღლესი განათლება და ყველანი მშვენივრად ვფლობთ ქართულს.“
თამარი წარმატებით ჩაირიცხა აკდენიზის უნივერსიტეტის მექანიკის ფაკულტეტზე და მისი სწავლა აღფრთოვანებით დასრულდა. მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით მუშაობდა თავის პროფესიით, დღეს კი პენსიაზეა.
ქალბატონი თამარი მოგვითხრობს თავის ოჯახზე,
მისი მეუღლე – ქენან აქგიუმუში, წარმოშობით ქართველი, დაიბადა 1963 წლის 5 ნოემბერს შავშეთის სოფელ პარნუხში. დაამთავრა ილდიზის ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტი და დღეს პენსიაზეა.
შვილი – არჩილ ილმაზ აქგიუმუში, დაიბადა 2001 წლის 3 მარტს სტამბოლში, ქადიქოიში. დაამთავრა გალათასარაის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. თამარი აღფრთოვანებით იხსენებს: „ეს საოცარი დამთხვევაა – ჩემი ვაჟიც დედის დღეს დაიბადა. 3 მარტს, ჩემთვის ეს დღეც განსაკუთრებულია, რადგან დედა გავხდი.“
მოგახსენებთ, რომ
თამარი აქტიური წევრია სტამბოლის ქართული კულტურის ასოციაციაში. იგი არასდროს გამოტოვებს არცერთ საღამოს ან ღონისძიებას, რომელიც ქართველებისთვის იქ ტარდება. მისი ოჯახი მაგალითია იმისა, თუ როგორ ინარჩუნებენ ემიგრანტები ქართულ იდენტობას, ტრადიციებსა და ენას.
მისი დიდი სურვილი იყო საქართველოში გადასულიყო საცხოვრებლად ეს სურვილი ვერ აისრულა გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ სამომავლოდ იტოვებს იმედს დედა სამშობლოში ცხოვრებისას. უფალმა გისმინოთ და აგისრულოთ ქალბატონო თამარ ეს ნატვრა.
გეტყვით მეგობრებო , რომ „თამარ ნეჯლა მახარაძე და მისი დიდი ქართული ოჯახი – მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება სული, ემოცია და მშობლიური ხატი საუკუნეების შემდეგაც ინახებოდეს. ეს მხოლოდ ერთი ოჯახი არ არის; თურქეთში ასეთი ოჯახები მრავლად არიან, და მათი მაგალითი გვაძლევს იმედს, რომ ქართული კულტურა ყველგან გადარჩება,“ –
ქალბატონო თამარ თქვენ არაჩვეულებრივი რესპოდენტი იყავით, უდიდესი მადლობა ძვირფასო!
ავტორი:
ე. სურამელი





























