ცნობილი ქართველი მეცნიერი, თურქოლოგი, მთარგმნელი ბატონი გოგი ანთელავა ძალიან ბევრ დიდ და სახელოვან ადამიანს შეხვედრია.

ცნობილი ქართველი მეცნიერი, თურქოლოგი, მთარგმნელი ბატონი გოგი ანთელავა ძალიან ბევრ დიდ და სახელოვან ადამიანს შეხვედრია.
„რუსთაველზე რომ გავიდოდით ბიჭები, ხან აქეთ ვიხრებოდით მისასალმებლად, ხან იქით, რა ხალხი დადიოდაო“, – იხსენებს ხშირად საუბრისას.
ერთხელაც მითხრა: ბატონი სიმონ ყაუხჩიშვილი (14.10.1895 – 15.05.1981) „ქართლის ცხოვრების“ ტექსტების კვლევასა და გამოცემაზე რომ მუშაობდაო, მახსოვს, ღამეები მის სამუშაო ოთახში შუქი ენთო და ბატონი სიმონი შეუსვენებლივ მუშაობდაო.
დავაკვირდი, როდესაც ბატონი გოგი სიმონ ყაუხჩიშვილს, სერგი ჯიქიას, ნიკო ბერძენიშვილს თუ სხვებს ასახელებს, დღესაც კი „ბატონ“-ს ურთავს წინ. არ მახსოვს, ვინმე „ბატონი“-ს გარეშე დაესახელებინოს.
1927 წლის 20 მარტს ტფილისის უნივერსიტეტში (ამჟამინდელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) სამეცნიერო საბჭოს საჯარო სხდომაზე სიმონ ყაუხჩიშვილი დისერტაციას იცავდა თემაზე: „გიორგი ამარტოლის ხრონორაფის ქართული თარგმანი“. მისი ოფიციალური ოპონენტი პროფესორი ივანე ჯავახიშვილი იყო. სახელოვანმა მეცნიერმა ახალგაზრდა კოლეგის საკვალიფიკაციო ნაშრომს უმაღლესი შეფასება მისცა და ბოლოს თავად ბატონ სიმონზეც ასე უთქვამს:
„სიმონ ყაუხჩიშვილის სახით ქართულ (და არა საბჭოთა ქართულ!!! – კ.კ.) მეცნიერებას ჰყავს განსწავლული ფილოლოგოსი, დაკვირვებული ისტორიკოსი და დინჯი მეცნიერი-მკვლევარი, რომელიც XI საუკუნის დიდი მეცნიერის, ეფრემ მცირის ტრადიციების ღირსეულ გამგრძელებლად გვევლინება“.
თუ რას ნიშნავდა ეფრემ მცირესთან ახალგაზრდა სიმონ ყაუხჩიშვილის შედარება დიდი ივანესაგან, ისევ ივანე ჯავახიშვილის მივმართოთ:
„ეფრემ მცირე შესანიშნავი მეცნიერი იყო და მისი ღრმა სწავლულობა თანასწორადა ჩანს ყოველ დარგში, რომლისთვისაც კი მას ხელი მოუკიდია, მისი შემოქმედებით ნიჭი და ცოდნა შეუზღუდველია. ეფრემ მცირე შესანიშნავი, სწორუპოვარი ქართველი მეცნიერი, ფილოლოგოსი, ფილოსოფოსი და ისტორიკოსი იყო“.
ეფრემ მცირეზე ეს სიტყვები ივანე ჯავახიშვილმა პირველად 1916 წელს დაწერა. ახალგაზრდა მეცნიერს, ბუნებრივია, ეცოდინებოდა ეს ნაშრომი და მისი მასწავლებლის დამოკიდებულება ეფრემისადმი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეფრემთან შედარება ის დიდი პასუხისმგებლობა იყო, რომელიც მას საქართველოს წინაშე ივანე ჯავახიშვილმა დააკისრა და რაც პირნათლად შეასრულა მისმა მემკვიდრემ.
ხელთუქმნელი განძი დაგვიტოვა ბატონმა სიმონმა მისი „ქართლის ცხოვრებით“, „გეორგიკა“ რომ არ ვახსენოთ…
მის ნაშრომთაგან „ქართლის ცხოვრებას“ გამოჰყოფდა განსაკუთრებით სიმონ ყაუხჩიშვილი. მან იტვირთა ჯვარი ამ ტიტანური გამოცემის მომზადებისა და გამოქვეყნებისა…
„ქართლის ცხოვრების“ სამივე ტომი მაქვს: II – მაჩუქეს, I და IV კი ბუკინისტებთან შევიძინე. ამათ გვერდს როგორ ავუვლიდი.
ეს ტომეულები ჩემთვის ბიბლიის დარი წიგნებია. წმინდა წიგნები! სიმონისეული „ქართლის ცხოვრება“ ყველაზე ძვირფასი წიგნებია ჩემს ბიბლიოთეკაში. რომ ვიღებ, გადავშლი, კითხვას დავიწყებ, ბატონი სიმონის უძილო ღამეები მაგონდება: ეს როგორ გააკეთა? როგორ მოერია?
მართალია, მთლად ყამირზე არ დაუწყია მუშაობა. თავისი წვლილი ივანე ჯავახიშვილმაც დასდო, კორნელი კეკელიძემაც… მაგრამ ისინი მხოლოდ ცალკეულ ნუსხებზე მუშაობდნენ. აქ კი ბატონ სიმონს ყველა იმ დროისთვის აღმოჩენილი და გამოვლენილი ხელნაწერი ჰქონდა გასაანალიზებელი, შესადარებელი, შესასწავლი და მეტ-ნაკლებად ზუსტი ტექსტი უნდა გამოეცა.
კი, რა თქმა უნდა, ეს ნაშრომებიც მოძველდა: შემდგომი კვლევებით ბევრი რამ დაზუსტდა, ჩასწორდა, ცალკეული მატიანეების ახალი გამოცემებიც გვაქვს უკვე. მათ შორის, აკადემიკოს რ. მეტრეველის რედაქციით განახლებული „ქართლის ცხოვრება“ (2008 წლის გამოცემა).
მაგრამ, ეს არაფერი არ იქნებოდა, სიმონ ყაუხჩიშვილს რომ მისი ჯვარი არ ეტვირთა.
დიდი, ამაგდარი და საქართველოს წარსულის ალამდარი მეცნიერი – ბატონი სიმონ ყაუხჩიშვილი!
როგორ კარგად შეიგრძნო „ქართლის ცხოვრება“ დიდმა გოგლა ლეონიძემ (მისი ორი ლექსის კომბინაცია):
„მე ვკითხულობდი „ქართლის ცხოვრებას“,
წუხელის დიდხანს, გათენებამდი,
როგორ გლეწავდენ, ჩემო ქალაქო,
სისხლით მოედნებს როგორ ღებავდი!
გამოვვარდები, ხარ თუ აღარა,
კიდევ გაისმის ქუჩებში ჩეხა?
ვხედავ შენს სახლებს, ვხედავ შენს აბრებს
და მიხარიან, რომ ისევ დგეხარ!
შევხარი დილის ორთქლიან პურებს,
ახალ სართულთა წითელ აგურებს,
ვარდის საპალნეს ტაბახმელიდან
და მას, – ამ ვარდებს ვისაც არგუნებ!“
………….
„გაშალე… ყველა ფურცელი
არის ფოლადის ნაცარი,
დამსხვრეულ ხმალთა ჟღრიალი,
დევკაცთა ნამამაცარი.
გაშალე… ყველა ფურცელი
გულზე ნაწოლი ლოდია…
დოლბანდიანი ჯარები
სიკვდილის პირით მოდიან.
შავი დროშები ნისლივით
სამშობლოს დაეფინება,
ხმალს სისხლის ორთქლი აუვა
სიკვდილით დაიკბინება…
საფლავად გაემზადება
ციხე-გალავნის თხრილები, –
ქალი და ბავშვი აწყვია
კოშკიდან გადმოყრილები.
ისმის ტყვეების ჟღივილი
კვამლში ბღავიან ხარები…
ქერქებგახდილი ხეები,
დამწვარი ნასახლარები…
და რაც თმას ყალყზე აყენებს,
რაც მწარედ გვემახსოვრება, –
ქართლის მკვლელობის ძველ ამბებს
უწოდეს „ქართლის ცხოვრება“!“
ნაპოვნია დაკარგულად მიჩნეული „ქართლის ცხოვრების“ III ტომი (მატიანეები XVIII საუკუნემდე). იმედია, ბატონი სიმონის შვილიშვილი, ასევე ცნობილი მეცნიერი, გია გელაშვილი მალე გამოსცემს მისი წინაპრის ამ უკანასკნელ საქვეყნო მემკვიდრეობას.
ბატონმა სიმონმა, მისმა თაობამ, მისმა მასწავლებლებმა, მისმა მოწაფეებმა მტკიცე საძირკველი ჩაუყარეს ქართველოლოგიას, მაღალი კედლებიც ამოიყვანეს. აწ კი როგორ გავამყარებთ ამ ტიტანურ შრომას ჩვენი და ჩვენი ახალგაზრდა თაობების მოვალეობაა.























