
ფრანგი მსახიობის, კატრინ დენევის თქმით, კაცებს ქალებთან არშიყის უფლება აქვთ. დენევი იმ 100 ფრანგ ქალ მსახიობს შორის ერთ-ერთია, რომლებმაც ღია წერილი გამოაქვეყნეს და სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის გამო „პურიტანიზმის“ ახალი ტალღის მოახლოებაზე გვაფრთხილებენ. ღია წერილი ჰარვი ვაინშტაინის მიერ მსახიობ ქალებზე სექსუალური ძალადობის ირგვლივ გამოხმაურებებს და შემდეგ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას ეხება. მაშინ, თავად ვაინშტაინმა უარყო ძალადობრივი სექსის შემთხვევები, თუმცა დაადასტურა, რომ „მისმა ქმედებებმა ბევრს ტკივილი მიაყენა“. ფრანგი ფემინისტების ჯგუფმა მსახიობების ეს ღია წერილი დაგმო და ხელმომწერებს სექსუალური ძალადობის გაუბრალოებაში დასდო ბრალი. რას ამბობს ღია წერილი? ფრანგი ქალი მწერლების, მსახიობებისა და მეცნიერების ღია წერილი სამშაბათს, საფრანგეთში გაზეთ Le Monde-ში გამოქვეყნდა. „კაცები მაშინვე ისჯებოდნენ. მათ ათავისუფლებდნენ სამსახურებიდან, როცა ვინმეს მუხლს დაუკითხავად შეეხებოდნენ ან აკოცებდნენ ძალით“ – ვკითხულობთ წერილში. „გაუპატიურება დანაშაულია, მაგრამ ვინმესთან არშიყი, თუნდაც გამუდმებით ან უხეშად – არა.“ – წერენ ღია წერილის ავტორები. მათი აზრით, მსოფლიოში „პურიტანიზმის“ ახალი ტალღა იწყება. მათი თქმით, ზოგიერთი კაცის მხრიდან ძალის გამოყენებაზე საუბარი ლეგიტიმური და საჭირო იყო, თუმცა დაგმობის ტალღა კონტროლს გასცდა. როგორც ავტორები აღნიშნავენ, იქმნება განწყობაც, რომ ქალები უსუსურები, დაუსრულებლად ძალადობის მსხვერპლნი არიან. „ჩვენ, ქალები ასეთ ფემინიზმში თავს ვერ ვპოულობთ. ფემინიზმი, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საზღვრებს სცდება, გადადის კაცებისა და სექსუალობის სიძულვილში“. ვინ არიან ხელმომწერები? ხელმომწერებს შორის ყველაზე ცნობილი კატრინ დენევია. დანარჩენი 99 ხელმომწერი ქალიდან, ზოგიერთი საკმაოდ ცნობილია. მაგალითად, მსახიობი კრისტენ ბოისონი; კონსერვატორი ჟურნალისტი ელიზაბეტ ლევი; ბრიჯიტ ლაჰიე, 70-იანი წლების პორნომსახიობი და ახლა ტოქშოუს წამყვანი; მწერალი და ჟურნალის რედაქტორი ქეთრინ მილე. მათთან ერთად ხელმომწერები არიან შედარებით ნაკლებად ცნობილი ფრანგი ქალები კულტურის, ჟურნალისტური და სამეცნიერო წრეებიდან. როგორი იყო გამოხმაურება? ღია წერილს საფრანგეთში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ოთხშაბათს, დაახლოებით 30-მდე ფემინისტმა გააკრიტიკა დენევი და მისი თანამოაზრეები. მათი თქმით, წერილის ავტორებმა სექსუალური ძალადობის შესახებ ფაქტების და მათი სიმძაფრის დაფარვა სცადეს. სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალებს კი ტალახი ესროლეს. სოციალურ მედიაშიც ბევრი წერდა გაბრაზებული ან დამწუხრებული. Twitter-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა მწუხარება გამოთქვა იმაზეც, რომ ქალებმა ვერ შეძლეს ერთ ხმაში საუბარი. თუმცა წერილის წინააღმდეგ გამოხმაურებებს გაზეთის პირველი ფურცლები არ დაუკავებიათ. მიზეზი ალბათ ის წინააღმდეგობრივი მოსაზრებები იყო, რომლებმაც საფრანგეთი ბოლო თვეებში მოიცვა. დებატები უფრო მეტად თაობებს შორის დაიწყო. შედარებით უფროსი ადამიანების ნაწილი, კამპანიას „მეც“ და სხვა მის მსგავს მოძრაობებს იმ სექსუალური თავისუფლებისთვის საფრთხედ აღიქვამენ, რომელსაც 60-იან წლებში მიაღწიეს. ახალგაზრდა აქტივისტებისთვის კი ეს მოძრაობა ქალთა უფლებებისთვის ბრძოლაა. ფოტო: Frederic T. Stevens წყარო: BBC



























