პატიმრის ერთი ფანჯარა
მესამე ნაწილი
ნანო დღევანდელ დღეს, ოცდაექვს ივლისს, დიდი ინტერესით ელოდა. ფერად სამოსში გამოწყობილი კუნძულ ისკიას მკვიდრნი, საზეიმოდ აღნიშნავენ წმინდა ანას დღეს, სადაც მხიარული დამსვენებლებიც იღებენ მონაწილეობას. დიდი ხანია არსებობს რწმენა, რომ წმინდანი მფარველობს ქალებს, რომლებიც ბავშვებს ელოდებიან. ამ ისტორიულ დღესასწაულს, მეთევზეები მეუღლეებთან და შვილებთან ერთად, წმინდა ანას ეკლესიაში შეიკრიბნენ და მის საპატივსაცემოდ, ყვავილებით მორთული ნავების აღლუმი გამართეს. ეს ტირენიის ზღვის სანაპიროზე, ერთ-ერთი ულამაზესი და დაუვიწყებელი სანახაობაა. დღესასწაულს, ყველაზე მეტად ოჯახის ყველაზე პატარა წარმომადგენლების სიხარული და განწყობა ამშვენებს. დედებს, გოგონები ზღაპრული ფერების სამოსში გამოუწყვიათ და თავზე ყვავილების გვირგვინები შემოუწნავთ. მამებს, ბიჭებისთვის ტრადიციული სამოსი ჩაუცმევიათ და ისინიც ყელმოღერებულები, პეპლებივით ფრთაფარფატა გოგონებს შორის დარბიან.
ნანოს კუნძულის ფოტოებს, დღეს კიდევ მრავალი საინტერესო და დასამახსოვრებელი ფოტო შეემატა. შთაბეჭდილებები ზეამაღლებულია. ნანომ წამით ინატრა, მეგობრები ჰყოლოდა გვერდით და მათთან ერთად მიეღო ეს დაუვიწყარი სიამოვნება, მაგრამ ახლა ასე უკეთესია, მას განმარტოვება ესაჭიროვებოდა.
ნანო ,,Louis Vuitton-ის“ მაღაზიის წინ, დაუჯერებელ სურათს ხედავს. დიდი მინის სარეკლამო ვიტრინის წინ ახალგაზრდა, ქერა ქალბატონი, ორ ფერად ზოლებიან კატასთან ერთად, ძირს დაფენილ ძვირფას პლედზე ზის. წინ უდევს მუყაოს ქაღალდზე დაწერილი თხოვნა ,,დაგვეხმარეთ მე და ჩემს ლამაზ კატებს, საკვებისთვის ფული გვესაჭიროება“ და სიყვარულის გამოსახატად, გულები მიუხატია. გვერდით, ამავე მაღაზიის ფირმის დიდი ზურგჩანთა და პატარა ჩანთა უდევს. ნანო გაოცებული უყურებს, ამ კონტრასტულ შეუსაბამობას. წინ დადებულ მეტალის ფიალაში ჩაყრილ ჩენტეზებს, თავისიც დაუმატა და ქალს გაესაუბრა. უცხოელი, ავსტრალიელი ტურისტი აღმოჩნდა და კუნძულზე ქმართან ერთად ჩამოსულა. არავინ არ იცის, ცხოვრებას რომელი დღე შეგიცვლის, გაიფიქრა ნანომ. გვერდით, დაახლოებით, ათი წლის ბიჭი გაჩერდა და კატებს ლამაზი იტალიურით დაუწყო საუბარი. მათი სახელები იკითხა და ნებართვა აიღო მოფერებოდა. ჩარლი და ტობი, ბიჭის თბილ ხელისგულს კრუტუნით ადებენ თავს და თვალებს ლულავენ. ბავშვმა თავი ანება კატების მოფერებას და დიდი კაცის მზრუნველობით ქალს კითხა:
- ფეხსაცმელები რატომ არ გაცვია, არ გაქვს?
ქალი მხიარულად აჰყვა ბავშვის კითხვას. - ფეხიშველა მიყვარს სიარული.
- ღამე აქ იძინებ?
- აქ ახლა მოვედით მე, ჩარლი და ტობი. სხვა ქუჩაზე გვეძინა. კარგია ასეთი თავგადასავლები მოგზაურისთვის.
ბიჭი ბოლო ფრაზის შინაარს ვერ იგებს და ეკითხება: - გშია? ხმაში სიბრალული დაეტყო.
ქალმა, ბავშვს საოცარი სითბო შეაგება და უპასუხა: - ახლა ჩემი ქმარი მოვა და მომიტანს სენდვიჩებს. გიყვარს შენ სენდვიჩები?
ბავშვის ინტერესით და მზრუნველით გაოცებულ ნანოს, სხეულში ემოციების ტალღა უვლის. მოუნდა ეს იტალიელი ბიჭი გულში ჩაეკრა, დაეკოცნა თვალები და ეთქვა – პატარა, შენ ძალიან, ძალიან გავხარ ქართველს შენი გულისხმიერებით. ამ დროს, ბიჭს ქართულად დაუძახეს: – ზუკა, მოდი მამი, გელოდები!
ნანო გაოცებული შეტრიალდა, ხელები სიხარულით პირზე აიფარა და სიცილი დაიწყო. მიუახლოვდა მამა-შვილს, გაეცნო მათ და უთხრა, ვიფიქრე იტალიელ ბიჭი იყო და მასში თბილ, ყურადღებიან ქართველს ვხედავდი. დაიხარა და ბავშვს ჩაეხუტა. ზუკა იტალიაში დაბადებული იყო და ქართულად საუბარი უჭირდა. გენი? გენის სამეტყველო ენა კი, მხოლოდ ერთია. გენეტიკური ინფორმაციის გადატანა, ერთი თაობიდან მეორეში, რომელიც ყველა ეროვნების ადამიანს, თავის ენით ესაუბრება. ზუკა საუბრობდა იტალიურად და გრძნობდა, განიცდიდა და მოქმედებდა ქართულად.
პორტში მდებარე ბილეთების ჯიხურში , ნანომ მეორე დილისთვის, კუნძულ პროჩიდაზე გასამგზავრებელი ბილეთი იყიდა და სავახშმოდ, იქვე მდებარე ისკიტანურ რესტორანში შევიდა. მენიუში მიდიები და ისკიტანური, განსაკუთრებული წესით მომზადებული კურდღლის ჩაშუშული ხორცი შეარჩია, ღვინის და ლიმნის წვენით შეზავებული. მომსახურე პერსონალის მოსვლამდე, დარბაზს მოავლო თვალი და მომღიმარ თვალებს წააწყდა. ფრანგი ქალბატონი შარლოტა და მისი მეგობარი ბატონი ენცოც აქ ვახშმობდნენ. გაუღიმეს ერთმანეთს და საღამოს სალამიც, თავის დაკვრით გამოხატეს. მისი თვალებიდან, ხიბლთან ერთად საოცარი სითბო იღვრებოდა.
Autore #Eka Otarashvili





















